ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და საქართველო


ვაშინგტონის “ჰერითიჯის ფონდმა”, რომელიც 27 წელია სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებულ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, 2021 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. ეს კვლევა, მსოფლიოს 184 ქვეყანაში 12 სახის თავისუფლების შეფასებას ახდენს.

ქვეყნები რამდენიმე კატეგორიაში ხვდება. 100-80 ქულა “სრულ ეკონომიკურ თავისუფლებას” აღნიშნავს და წელს ამ კატეგორიაში 5 ქვეყანა აღმოჩნდა.

“მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის” კატეგორიაში - 79.9-70 ქულა, 33 ქვეყანაა.

“ზომიერად თავისუფალი ეკონომიკის” კატეგორიაში - 69.9-60 ქულა, 59 ქვეყანა,

“მეტწილად არათავისუფალი” – 59.9-50 ქულით, 63 და “რეპრესირებული” – 49.9-0 ქულით 18 ქვეყანაა.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსია 77.2, რაც მას 2021 წლის ინდექსში, ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების სიაში მე-12 ადგილს მიაკუთვნებს. მისი ზოგადი შეფასება 0.1 პუნქტით გაუმჯობესდა. ევროპის 45 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა და მისი საერთო ქულა, რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.

კორუფციის წინააღმდეგ, რეგულაციების შესაკვეცად და დაბეგვრის გასამარტივებლად მრავალი წლის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა, ეკონომიკური თავისუფლების ყველა ასპექტში აღმასვლა განაპირობა, თუმცა პირველ ათეულში მოსახვედრად, ქვეყანას მეტი ძალისხმევა სჭირდება რათა მთავრობის სანდოობის და სასამართლო სისტემის ეფექტურობის აღქმა გააუმჯობესოს.

ინდექსის თანახმად: კანონის უზენაესობის ასპექტში, ქონების უფლება აღიარებულია და მისი რეგისტრაციის პროცესი მოგვარებულია, თუმცა აღსრულება სუსტია და შესაძლოა გაურკვეველმა ანდაურეგისტრირებელმა ქონების უფლებამ ინვესტიციები შეაფერხოს. სასამართლო რეფორმები გრძელდება, მაგრამ აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების სასამართლო საქმეებში ჩარევა, ჯერ ისევ პრობლემად რჩება. მთავრობამ წვრილმან კორუფციასთა ბრძოლაში წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მაღალი დონის საჯარო მოხელეებს შორის კორუფცია ჯერ ისევ რჩება.

საშემოსავლო დაბეგვრა, კერძო პირებისთვისაც და კორპორაციებისთვისაც ფიქსირებულია. არსებობს დამატებითი ღირებულების გადასახადი.

საქართველო ბიზნესის მფლობელების საქმიანობაში არ ერევა და მსოფლიოში ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ბიზნესისთვის ყველაზე კარგი გარემოა.

ინდექსში კიდევ რამდენიმე სხვა მახასიათებელთან ერთად, მათი დინამიკაცაა მოცემული.

სიის პირველ ადგილზე, 89.7 ქულით სინგაპურია, ბოლო, 178 ადგილზე ჩრდილოეთ კორეა 5.2 ქულით.

საქართველოს მეზობელი ქვეყნების ინდექსი ასე გამოიყურება: სომხეთი - 71.9,აზერბაიჯანი - 70.1, თურქეთი - 64.0, რუსეთი - 61.5.

უკრაინა 56.2 ქულით, “მეტწილად არათავისუფალი” ეკონომიკის ქვეყნად არის მოხსენიებული. შეერთებულ შტატებს 74.8 ქულა აქვს მინიჭებული და სიის მე-20 ადგილზეა.

შეფასების გარეშეა ერაყი, ლიბია, ლიხტენშტაინი, სომალი, სირია და იემენი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG