მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, საშიშროების შემთხვევაში, მოსახლეობა პოლიციას ტელეფონით უკავშირდება. სტამბოლში კი საგანგებო სატელეფონო ხაზი გაიხსნა, რომლითაც სპეციალურ სამსახურს პოლიციის ძალადობის შესახებ ატყობინებენ.
„დაეხმარე პოლიციას“ სპეციალური სამსახურია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ვექილი ტალან ტანაი პოლიციის ძალადობის შესახებ შემოსულ ზარებს პასუხობს. მისი თქმით, ეს სამსახური პროგრესულ ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა:
„თურქმა ადვოკატებმა კარგად იციან სპეცსამსახურების ძალადობის შესახებ. ძალადობა ხორციელდება ციხეებსა და პოლიციის განყოფილებებში, თუმცა ახლა ამ ტალღამ სტამბოლის ქუჩებში გადაინაცვლა.“
ეს კივილის ხმა ივნისში მობილურ ტელეფონზეა ჩაწერილი. თურქეთის პოლიცია მამაკაცს საკუთარი ოჯახის თვალწინ ცემს. სწორედ ამ შემთხვევამ დაუდო სათავე ამ სამსახურის ჩამოყალიბებას. თურქი ადვოკატის ტაილან ტანაის განცხადებით:
„ხალხი ამგვარ შემთხვევებს ტელეფონის ვიდეოკამერაზე იწერს და მზად არის მოწმედ წარდგეს სასამართლოს წინაშე.“
თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი პოლიციის ძალადობის ფაქტებს შავ პროპაგანდას უწოდებს. ბატონი ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირი იწონებს თურქეთის მთავრობის პოლიტიკას, რომელიც წამების თავიდან აცილების მიზნით პოლიციის განყოფილებებში ვიდეოთვალის დამონტაჟებას ითვალისწინებს.
ცხელი ხაზის გახსნის პირველივე კვირაში 80-მდე საგანგაშო ზარი შემოვიდა. ერთ-ერთი მათგანი ტაქსის მძღოლს, სერკის იუგორთჩუს ეკუთვნოდა. მას ცოლთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ ხელბორკილი დაადო და სასტიკად სცემა. ადვოკატი მაშინვე გაემართა პოლიციის განყოფილებაში, რომელსაც სხვათა შორის დაზარალებულის ცოლმა შეატყობინა ინციდენტის შესახებ.
გასულ თვეს პოლიცია სასტიკად გაუსწორდა საფეიქრო ფაბრიკის გაფიცულ მუშებს, რომლებსაც არც ადვოკატის მისვლამ უშველა რამე. მუშებს ცრემლსადენი გაზით და რეზინის ხელკეტებით გაუმასპინძლდნენ, ადგილზე მისულ ადვოკატს, სუკე ერდემს კი ხელი მოტეხეს. დაშინების მცდელობის მიუხედავად, თურქი ვექილები არ აპირებენ ამ ძალადობასთან შეგუებას და პოლიციას სასამართლოში უჩივიან.