თურქეთში ქალაქ სტამბოლში საპირველმაისო დემონსტრაცია უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებაში და ძალადობაში გადაიზარდა. შარან ბურო საერთაშორისო პროფკავშირების ფედერაციის გენერალური მდივანია. ის სტამბოლში მომხდარი შეტაკების თვითმხილველია.
„შოკში ვიყავი. მთავრობამ მთელი ქალაქი ჩაკეტა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლები გამოიყენა. დემონსტრანტები ქალაქის ქუჩებში მშვიდობიანად გავლას ცდილობდნენ. ეს შოკისმომგვრელი დღე იყო,“ - ამბობს ბურო.
ხელისუფლებამ პოლიციის ქმედება გაამართლა და განაცხადა რომ ძალადობა ექსტრემისტების ინტერესებში შედიოდა. თუმცა, პროფკავშირების წინააღმდეგ მიმართული ქმედება საპირველმაისო დემონსტრაციით არ დასრულებულა. მეფოლადეთა გაერთიანებული კავშირის ხელმძღვანელი იუპ ოზერი ამბობს, რომ პროფკავშირები პოლიციის მხრიდან ძალადობას განიცდიან.
„დამოუკიდებელ კავშირებზე დიდი ზეწოლაა, რაც ყოველდღიურად უარესდება. ერთი კვირის წინ ავიაციის თანამშრომლები გაიფიცნენ, რასაც ხელისუფლებამ აეროპორტებში ათასობით პოლიციელის შეყვანით უპასუხა. მათ აეროპორტის წინ მდებარე მეტროსადგური გააჩერეს და თანამშრომლებს გაფიცვის ადგილებში მისვლის საშუალება არ მისცეს. პოლიციამ პროფკავშირების ლიდერებზე ზეწოლის ფორმებს მიმართა,“ - ამბობს ოზერი.
ისლამისტური მიმართულების სამართლიანობის და განვითარების პარტიის 10 წლიანი მმართველობის შედეგად თურქულ პროფკავშირებში მოქალაქეთა გაწევრიანება 6 პროცენტამდე შემცირდა.
თურქული პროფკავშირები 1980 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დიდი საფრთხის ქვეშ დადგნენ. ბევრის წინააღმდეგ აღიძრა საქმეები, მრავალი აქტივისტი საპატიმროში აღმოჩნდა. პროფკავშირების წინააღმდეგ დრაკონული კანონები შემოიღეს, რამაც პროფესიული გაერთიანებები ფაქტობრივად გაანადგურა.
სამართლიანობის და განვითარების პარტიამ ევროკავშირის ზეწოლით მანამდე არსებული კანონმდებლობა შეცვალა, თუმცა ვითარება ბოლო დროს მაინც გაუარესდა. შარან ბუროს თქმით, მართალია სამხედრო მმართველობის დროს მიღებული კანონები შეიცვალა, თუმცა მათ არ აქვთ ღიად შეკრებების ჩატარების უფლება. ასევე მსხვილი კომპანიები თანამშრომელთა სამუშაო ძალას თავისი სურვილისამებრ განკარგავენ.
ევროკავშირი შექმნილ ვითარებას უკვე გამოეხმაურა. ბრიუსელმა ანკარას შრომის კანონმდებლობის დაუყოვნებლივი რეფორმისკენ მოუწოდა. უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჰუმან რაითს ვოჩის“ თურქეთის საკითხების მკვლევარი ემა სინკლერი ამბობს, რომ ანტიტერორისტული კანონების მიღებამ პროფკავშირების წევრთა უფლებების შეზღუდვას შეუწყო ხელი. მისი თქმით გასულ წელს ციხეებში პროფკავშირების 67 წევრი იმყოფებოდა. მათ ტერორიზმის ბრალი აქვთ წაყენებული. ემა სინკლერი ამბობს, რომ ასეთ პირობებში პროფკავშირებში გაწევრიანებას არავინ ისურვებს. ზოგიერთი დაპატიმრებული გაათავისუფლეს, თუმცა მათ ისევ სასამართლოში აქვთ საქმე. ანკარა ასევე ეწინააღმდეგება პროფკავშირების რეფორმის პროცესის დაწყებასაც. თურქეთს ბევრი მრავალეროვნული კომპანია თავისი ბიზნესისთვის წარმატებით იყენებს. ამას ხელს უწყობს თურქეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობა და მისი მდებარეობა ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებს შორის. თურქული პროფკავშირების სამიზნეს სწორედ ეს საერთაშორისო კორპორაციები წარმოადგენენ, რომლებიც მათი თქმით თურქულ მუშახელს არასათანადოდ ეპყრობიან.