თურქი სამხედროების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს დიდი ხნის განმავლობაში ტაბუ ედო. თუმცა, ამჟამად თურქეთის სამხედრო ძალების ბევრი ლიდერი დაპატიმრებულია. და ბრალდების მოლოდინშია. გასული 10 წლის მანძილზე, დაახლოებით 900-მა თურქმა ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათმა ოჯახებმა სასამართლოს მიმართეს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.
გასული წლის მარტში ჯარისკაცების ოჯახებმა არმიაში არსებული ძალადობა პარლამენტის შენობასთან გააპროტესტეს. აქ იყვნენ მშობლები, რომელთა შვილებმაც ჯარში ყოფნის დროს თავი მოიკლეს, ზოგი კი მოკლეს.
ქენან და გიულსენ პოლატებმა შვილი დაკარგეს. მურატი არმიის ბარაკებში სხვა ჯარისკაცებმა მოკლეს. სხეულზე ცემის კვალი ქონდა. დედამისი ამბობს, რომ მურატს ქურდობაში დასდეს ბრალი და დაკითხვის დროს მისი ცემის ბრძანება უფროსმა ოფიცრებმა გასცეს. დამკვირვებლები ამბობენ, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა თურქეთის არმიაში ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, თურქეთის შეიარაღებული ძალები ხელშეუხებელი აღარ არის, მას შემდეგ რაც ასობით ოფიცერს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდეს ბრალი. ჯარისკაცთა უფლებების დამცველთა ჯგუფი ყოფილი სამხედროების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა. ჯგუფის წევრი იგით აქსაქოღლუ ამბობს, რომ არმიაში არსებულ ძალადობას ინსტიტუციური ხასიათი აქვს.
„ჯარისკაცები არჩევანის წინაშე დგანან: მიიღონ მონაწილეობა ძალადობაში ან იქცნენ ძალადობის მსხვერპლად. ამას კი სისტემური ხასიათი აქვს, ეს თურქული არმიის კულტურის ნაწილია,“ - ამბობს აქსაქოღლუ.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ყოველწიურად დაახლოებით 400 ათასი ადამიანი ექცევა. ამის აღსაკვეთად, კი დამოუკიდებელი ორგანოა საჭირო, რომელსაც ძალადობით შეწუხებული ადამიანები მიმართავენ და თავიანთ უფლებებს დაიცავენ.
აღნიშნული პრობლემით თურქეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დაინტერესდა. თუმცა, სამხედროები ამბობენ, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად შეიარაღებულ ძალებში შესაბამისი სტრუქტურა არსებობს. გადამდგარი გენერალი ჰალდუნ სოლმაზთურქი ამბობს, რომ თურქეთის არმიის გენერალური შტაბი ამ პრობლემის სიმწვავეს არ აღიარებს.
„როგორც ქვეითი ჯარების ოფიცერი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 30 წელი მსახურობა, ვამბობ, რომ ეს ერთერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. ძალადობის არსებობა უნდა ვაღიაროთ, ეს აუცილებელია,“ - აცხადებს გენერალი.
მან მთელი თავისი სამხედრო კარიერის დიდი ნაწილი ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. თუმცა, ამავე დროს ის არმიაში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ იბრძოდა.
„ეს ყველაზე რთული სფერო იყო. მე ვიბრძოდი შემეცვალა ის კულტურა, რომელიც ხშირად ოჯახებიდან, სამეზობლოებიდან, ქარხნებიდან მოდის. ამას ძალადობის კულტურა ქვია. ეს არის უფროსსა და დაქვემდებარებულს შორის არსებული ძალადობა. უნდა ვაღიარო, რომ ეს თურქული კულტურისთვის დიდი პრობლემაა,“ - ამბობს სოლმაზთურქი.
დაღუპული ჯარისკაცის მურატ პოლატის მშობლები სიმართლის დასადგენად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავენ. მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთ სიმართლეს აქ მაინც დაამტკიცებენ.