თურქეთი კვლავ რუსეთისგან სამხედრო ტექნიკის შეძენით იმუქრება. რუსული სარაკეტო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ურთიერთობა ვაშინგტონსა და ანკარას შორის კიდევ უფრო იძაბება.
ვაშინგტონი ანკარაზე წნეხს ზრდის, რათა ამ უკანასკნელმა რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემა არ შეიძინოს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ვაშინგტონის პოზიციების მიუხედავად, გადაწყვეტილების შეცვლა არ იგეგმება. მისივე განმარტებით, ეს არაა თავდასხმითი სისტემა, რომელიც ვინმესთვის საფრთხე შეიძლება იყოს, "ეს არ არის რისკი ან საფრთხე ვინმესთვის", - თქვა დიპლომატმა.
თუმცა ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ეს სარაკეტო სისტემა ნატოს თავდაცვის სისტემასთან შეუსაბამოა და მისთვის საფრთხეა. ანკარა კი აცხადებს, რომ ახალ-ახალი პარტიების შეძენას განაგრძობს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, შეთანხმება მოსკოვთან უკვე გაფორმებულია.
ამერიკა თურქეთს ამ სისტემების გამოცდის შემთხვევაში "სერიოზული შედეგების" თაობაზე აფრთხილებდა. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ადასტურებს, რომ ანკარამ რუსული სარაკეტო სისტემები უკვე გამოსცადა.
S-400 -ების სისტემასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ვაშინგტონმა თურქეთს საბრძოლო თვითმფრინავების მოდერნიზების საშუალებაც დაუბლოკა. თუმცა თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯებით ამერიკა მხოლოდ უბიძგებს თურქეთს, მეტად გააღრმავოს სამხედრო კავშირები რუსეთთან.
"ჩვენ 200 საბრძოლო თვითმფრინავი გვჭირდება. ესაა ჩვენი რეალობა, მაგრამ ამერიკა ჩვენ არ გვაძლევს საბრძოლო თვითმფრინავებს. ამერიკა იყენებს წნეხს თურქეთის წინააღმდეგ რუსული შეიარაღების შეძენის გამო. ჩვენ არ გვსურს მისი შეძენა. მაგრამ თუ ამერიკა არ მოგვცემს საჰაერო საბრძოლო ხომალდებს, ჩვენ შეგვიძლია ის რუსეთისგან შევიძინოთ, რადგან ეს ჩვენთვის საჭიროა", - ამბობს ერდოღანის მრჩეველი მესუტ ქაზინი.
ანალიტიკოსების აზრით, ანკარა რუსეთისგან ახალ შესყიდვას ნატოს მომავალ სამიტამდე არ განახორციელებს.
ილჰამ უზგელი, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი, რომელიც "დუვარ ნიუსისთვის" მუშაობს, ამბობს, რომ რუსული სარაკეტო სისტემების შესყიდვის საკითხი ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებს "მძევლის პოზიციაში" ტოვებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუტ ჩავაშოღლუს თქმით, ვაშინგტონმა ეს წინააღმდეგობა უნდა დაძლიოს, რადგან ანკარა პოზიციას არ შეიცვლის. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ თურქეთმა შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს, თუკი ვაშინგტონის მხრიდან გაკრვეულ დათმობებს დაინახავს.