სირიის ტერიტორიაზე თურქეთი სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. საჰაერო და საარტილერიო იერიშების შემდეგ, სირიაში თურქეთის სახმელეთო ძალები შევიდნენ. ანკარა ქალაქ აფრინის რეგიონიდან ქურთი სამხედრო დაჯგუფებების განდევნას ცდილობს. დღეს, ქალაქ აფრინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომხდარ შეტაკებებს ქურთთა შენაერთებიც ადასტურებენ.
ოპერაცია “ზეთისხილის შტოს“ ერთ-ერთი მიზანია თურქეთისა და სირიის საზღვრის გასწვრივ შეიქმნას უსაფრთხოების 30 კილომეტრიანი ზონა. პრემიერის მოადგილე მეჰმეტ შიმშეკი ამბობს, რომ ოპერაცია თურქეთში ტერორიზმის რისკის შემცირების მიზანს ემსახურება.
ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და საფრანგეთი ანკარას მოუწოდებს, შეწყვიტოს სირიის ტერიტორიაზე ქურთების შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ ოპერაცია და ყურადღება დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაზე გაამახვილოს.
კვირას ასევე გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთ საზღვრისპირა ქალაქის - რეიჰანლის დაბომბვის შესახებ. თურქული მედიის ცნობით, თურქ ჯარისკაცებს და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებები მოხდა სირიის ტერიტორიაზეც. დაზარალებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი გუშინ ქალაქ ბურსაში ათასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოვიდა და მოქალაქეები დაარწმუნა, რომ ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს:
„ჩვენმა თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოყარეს, ახლა სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს. ისინი გარბიან, ჩვენ მათ გავეკიდებით და ამ ოპერაციას, ღმერთის დახმარებით, ძალიან მალე დავასრულებთ,“ უთხრა შეკრებილებს ერდოღანმა.
ისინი გარბიან, ჩვენ მათ გავეკიდებით და ამ ოპერაციას, ღმერთის დახმარებით, ძალიან მალე დავასრულებთრეჯეპ ტაეპ ერდოღანი
ანკარა ოპერაციის დაჩქარებულ რეჟიმში დასრულებას ცდილობს, რადგან იზრდება საერთაშორისო და დიპლომატიური წნეხი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა თურქეთის მთავრობას მოუწოდა თავიდან აიცილოს მსხვერპლი და ზიანი სამოქალაქო მოსახლეობაში.
კვირასვე საფრანგეთის მთავრობამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა მოითხოვა.
„ეს ბრძოლები უნდა შეწყდეს“ - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი თურქეთის ოპერაციას გუშინ ტელეკომპანია „ფრანს 3“-თან ინტერვიუში. მისი თქმით, თურქეთის შეტევამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ომს.
ვებ-გვერდ „ალ მონიტორის“ პოლიტიკური მიმომხილველი სემი იდიზი მიიჩნევს, რომ ანკარა საფრანგეთისგან კრიტიკას არ მოელოდა. მისი თქმით, ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ თურქი კოლეგის მასპინძლობა ანკარამ ახალი ურთიერთობების დასაწყისად გამოაცხადა.
პოლიტიკური მიმომხილველი ჩენგიზ ატკარი კი ამბობს, რომ მაკრონი თავს იმკვიდრებს როგორც მსოფლიო დონის ლიდერი და უშიშროების საბჭოს მიერ თურქეთის ოპერაციას მშვიდობისთვის საფრთხედ მიჩნევა „თურქეთს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს“.
ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია თურქეთის შეტევისას დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ.
„როგორც ყოველთვის, ტერორისტები აგრძელებენ, მსოფლიოს მოტყუებას და განეიტრალებულ ტერორისტებს უდანაშაულო მოსახლეობად ასაღებენ“, დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუსოღლუმ.
ოპერაციის პარალელურად პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთის ქალაქებს სტუმრობს და მხარდაჭერების მობილიზებას ახდენს. დემონსტრანტების წინაშე გამოსვლისას ერდოღანი ქურთებს გმობს და ოპერაციას "ერის მომავლისთვის საჭირო ბრძოლას" უწოდებს.
„მოსახლეობის დიდი ნაწილი მის გვერდითაა, ის გამოწვევაა შეერთებული შტატებისთვის, მან რუბიკონს გადააბიჯა და ახლა ამერიკასთან ურთიერთობების ისევ ნორმალიზება გაუჭირდება“, ამბობს აკტარი. მისი თქმით, ერდოღანის სასარგებლოდ მუშაობს ერთგვარი „ეროვნული სიამაყე“, რის გამოც ის მომდევნო არჩევნებშიც გაიმარჯვებს.
2019 წელს თურქეთში აგდილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ოპერაციას მხარი ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამაც დაუჭირა.
„ვისურვებდით რომ ოპერაცია წარმატებით და რაც შეიძლება მალე დასრულდეს, იმედი გვაქვს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები მიწვდებიან თავიანთ სამიზნეს და შინ მშვიდობით დაბრუნდებიან,“ განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ბულენტ ტეჩანმა.
ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ოპერაციის წინააღმდეგ გამოდის ქურთების მხარდამჭერი სახალხო დემოკრატიული პარტიაა. პარტიის ლიდერები ტერორიზმის ბრალდებით სასჯელს იხდიან.
აფრინში მიმდინარე ოპერაციის წინააღმდეგ თურქეთში რამდენიმე აქცია გაიმართა, თუმცა სტამბოლში კვირას შეკრებილები პოლიციამ მალევე დაარბია. რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, ჟურნალისტებს კი გადაღების საშუალება არ მიეცათ.