ერაყელი ქურთები რეფერენდუმის შედეგებს ზეიმობენ.
25 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმში, მონაწილე მოსახლეობის თითქმის 93 %-მა დამოუკიდებლობა აირჩია. თუმცა ამან მწვავე კრიტიკა გამოიწვია, როგორც ოფიციალური ბაღდადისგან, ისე ერაყის მეზობელი თურქეთისა და ირანისგან, ისევე როგორც შეერთებული შტატებისგან.
ერაყის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. მათი თქმით, ქურთისტანისთვის ერაყის საჰაერო სივრცე დაიხურება. ამასთან, ერაყის შეიარაღებული ძალები თურქეთის მიერ ქურთისტანის საზღვართან მიმდინარე სამხედრო წვრთნებს უერთდებიან.
თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქურთისტანის ხელისუფლების წინააღმდეგ საპასუხო ქმედებებზე საუბრისას განიხილება ყველა ეკონომიკური და სამხედრო ღონისძიება.
ერაყის პარლამენტი რეფერენდუმს „არაკონსტიტუციურს“ უწოდებს. საკანონმდებლო ორგანო პრემიერს ჰაიდარ ალ-აბადის მოუწოდებს, რომ ქურთების მიერ კონტროლირებულ ნავთობით მდიდარ რეგიონ კირკუკში შეიარაღებული ძალები გაგზავნოს და ამ ტერიტორიებზე კონტროლი დაამყაროს.
პარლამენტისავე ოფიციალური განცხადებით, უნდა დაიხუროს იმ 34 ქვეყნის დიპლომატიური მისიებიც, რომლებიც ამჟამად ქურთისტანში ფუნქციონირებს. ისინი პრემიერს შეიარაღების იმ ტერიტორიებზე განლაგებისკენაც მოუწოდებენ, რომლებიც ერაყის კონტროლის ქვეშ იყო, სანამ ისინი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში აღმოჩნდებოდა.
„ჩვენ დავამყარებთ ფედერალურ კონტროლს ქურთისტანის რეგიონში, და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამის კეთება“ - განაცხადა პრემიერმა აბადიმ.
ერაყის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, ის ხუთშაბათს ესაუბრა თურქ კოლეგას, ბინალი ილდირიმს , რომელმაც თქვა, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს ერაყის მთავრობის მიერ გატარებულ ყველა ღონისძიებას იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს ქვეყნის მთლიანობა და რომ თურქეთი ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მხოლოდ ოფიციალურ ბაღდადთან აწარმოებს.
რეფერენდუმს ქურთების გამაერთიანებელი ძალა ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა ეს ამ მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯად ნამდვილად შეფასდა. მიუხედავად იმისა, რომ მას გმობდნენ ერაყი, ნაწილობრივ ირანი და თურქეთი. ქურთისტანის რეგიონს რეფერენდუმის ჩატარებისთვის აკრიტიკებს შეერთებული შტატებიც.
"თუ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქურთი ხალხის დასჯას რეფერენდუმის ჩატარების და საკუთარი ბედის გადაწყვეტის გამო, ბაღადადთან არანაირ მოლაპარაკებას შედეგი არ ექნება."ქურთისტანის ტრანსპორტის მინისტრი
ეს ქვეყნები ამტკიცებენ, რომ რეფერენდუმი რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. თუმცა სიანტერესოა, რომ ყველა ეს მხარე "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის.
თურქეთის შეიარაღებული ძალები ერაყის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გადიან. ერაყელი ჯარისკაცები მათ ჰაბორის საზღვრიდან 4 კილომეტრის მანძილზე შეუერთდნენ. ეს უკანასკნელი ერთგვარი ჭიშკარია ამ ორ ქვეყანას შორის. საერთაშორისო მედია წვრთნებს სწორედ იმ გზატკეცილიდან აკვირდება, რომელიც სასაზღვრო გასასვლელისკენ მიდის.
თურქეთი, რომელსაც ქვეყანაში ქურთულ უმცირესობასთან უსიამოვნების ხანგრძლივი ისტორია აქვს, შიშობს, რომ ქურთისტანის მაგალითზე შესაძლოა მსგავსი მოთხოვნები თურქეთში მყოფ ქურთებსაც გაუჩნდეთ. პრეზიდენტი ერდოღანი ამბობს, რომ ქურთისტანის ხელისუფლების წინააღმდეგ საპასუხო ქმედებებზე საუბრისას განიხილება ყველა ეკონომიკური და სამხედრო ღონისძიება.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ კი ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიას მოუწოდა, აღარ დააბრუნოს ანკარაში თავისი წარმომადგენელი.
„თუკი მათი პარტიის წარმომადგენელი აქ იქნებოდა, ჩვენ ვთხოვდით რომ დაეტოვებინა ქვეყანა“, - თქვა ჩავუშოღლუმ. „მაგრამ ის ქვეყანაში არ იმყოფება და ამის ნაცვლად ჩვენ ვეუბნებით, რომ არ დაბრუნდეს უკან.
ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი ოფიციალურად ერაყის ფარგლებში 2003 წლიდან, ამერიკის ლიდერობით მოქმედი კოალიციის ერაყში შესვლისა და სადამ ჰუსეინის რეჟიმის ცვლილების შემდეგ არსებობდა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის საკითხი ქურთებისთვის ისტორიულად, თაობების განმავლობაში იყო პრობლემა.
ოფიციალური ერაყი აცხადებს, რომ საჰაერო სივრცეს დახურავს ქურთისტანის ორი აეროპორტისთვის - ირბილისა და სულეიმანიესთვის. შიდა ფრენები დაშვებული იქნება. ქურთისტანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა გადაწყვიტეს თურქეთმა, ირანმა და ეგვიპტემაც.
ყატარის ავიახაზები ფრენებს აგრძელებს: „სანამ ავიახაზები არის ღია და სანამ შეგვიძლია მგზავრთა უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, ფრემები გაგრძელდება" - უთხრა კომპანიის დირექტორმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს".
მაულუდ ბავა მურადი, ქურთისტანის ტრანსპორტის მინისტრი ამბობს, რომ ბაღდადის მიერ აეროპორტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ამერიკის მიერ მხარდაჭერილ მისიებსაც და საბოლოოდ ბრძოლას ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს ასევე უარყოფითად მოქმედებს ერაყთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე.
„თუ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქურთი ხალხის დასჯას რეფერენდუმის ჩატარების და საკუთარი ბედის გადაწყვეტის გამო, ბაღადადთან არანაირ მოლაპარაკებას შედეგი არ ექნება. - თქვა მურადმა.
რეფერენდუმს ეწინააღმდეგება შეერთებული შტატებიც. თუმცა ოფიციალური შეფასებებით, არც ერაყის ქმედებებია კონსტრუქციული.
რესპუბლიკელი სენატორი ბონ კორკერი, რომელიც ცოტა ხნის წინ ქურთისტანში იმყოფებოდა, ამბობს, რომ იმედგაცრუებულია იმით, რომ რეფერენდუმი მაინც ჩატარდა, მიუხედავად მისი გადადების მოწოდებებისა. სენატორი ამბობს, რომ იმედოვნებს, ოფიციალური პირების შემდგომი ქმედებები „ფრთხილი და გონივრული" იქნება.
„მე არ მომწონს ის, რომ რეფერენდუმს შესაძლოა დესტაბილიზაციის გამომწვევი ეფექტი ჰქონდეს როგორც ერაყისთვის, ისე იმ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. ეს ძალიან ბევრ საკითხს წამოჭრის", - განაცხადა სენატორმა კორკერმა, თუმცა დასძინა, რომ ქურთი ხალხი ამერიკის მეგობარია, რადგან ქურთებს დიდი წვლილი შეაქვთ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს: წინააღმდეგ ბრზოლაში.
Facebook Forum