ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნახევრად თავისუფალი თურქეთი


სპეც-დანიშნულების რაზმი თურქეთის ოპოზიციური ტელევიზიის ოფისთან.
სპეც-დანიშნულების რაზმი თურქეთის ოპოზიციური ტელევიზიის ოფისთან.

„ძვირფასო მაყურებლებო, ნუ გაგიკვირდებათ თუ რამდენიმე წუთში ჩვენს სტუდიაში პოლიციელები შემოვლენ,“ ასე გააფრთხილა მაყურებელი თურქული არხის- ბუგუნის მთავარმა რედაქტორმა ტარიკ ტოროსმა სპეც-ოპერაციის წინ, როცა პოლიციელები ტელევიზიაში შეიჭრნენ და სიგნალი გათიშეს. „ამ ოპერაციის მიზანია გააჩუმოს ყველა, ვინ მმართველ პარტიას არ მოსწონს, მათ შორის მედია საშუალებები, ოპოზიციურ პარტიები და ბიზნესმენები, ეს ეხება ყველას, ვინც მას არ ეთანხმება,“ თქვა ტოროსმა.

დღეს სამარცხვინო დღეა... ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და აღასრულა, მოუწევს ისტორიის წინაშე დანაშაულებისთვის პასუხის გაცემა
ბარის იარკადასი, თურქეთის პარლამენტის წევრი

„მაუწყებლობას ბოლო წუთამდე ვაგრძელებდით, სანამ პოლიცია საეთეროში შემოიჭრა, კოლეგები გარედან გვწერდნენ, რომ შენობასთან პოლიციელების რიცხვი იზრდებოდა და რომ ნებისმიერ წუთს საეთეროში მათი შემოჭრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით,“ ასე იხსენებს 28 ოქტომბერს ცრემლსადენი გაზით აღჭურვილი სპეცდანიშნულების რაზმის ტელევიზიაში შეჭრას ბუგუნის ტელევიზიის ჟურნალისტი სუნა ვიდინლი. მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის ცნობილი წამყვანი სპეც-ოპერაციის პარალელურად ტვიტერზე წერდა და ამ გზით მის ათასობით მიმდევარს იმაზე უყვებოდა, რისი ვიდეოზე აღბეჭდვაც ტელევიზიის ოპერატორებს უკვე აღარ შეეძლოთ.

„დღეს სამარცხვინო დღეა... ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და აღასრულა, მოუწევს ისტორიის წინაშე დანაშაულებისთვის პასუხის გაცემა,“ განაცხადა პარლამენტარმა თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან ბარის იარკადასმა.

რედაქციებში შეჭრა და დახურვა დაგმო ქვეყნის ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა და ის პირველ ნოემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა.

ქურთული იდენტობის პარტიის ლიდერის - სელაჰატინ დემირტაშის შეფასებით თურქეთის მმართველობა მაფიას ემსგავსება: „დაუჯერებელია, რომ სახელმწიფო, მთავრობა შეიძლება მოიქცეს როგორც მაფია, როგორც არაკანონიერი დაჯგუფება და ეს ყველაფერი საჯაროდ ხდებოდეს.“

არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე მთავრობის მიერ ქვეყნის ყველაზე დიდი მედია საშუალებების დახურვამ, რომლებიც ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიისადმი კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი, ისედაც მძიმე წინასაარჩევნო გარემო კიდევ უფრო დაძაბა და საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ქვეშ მოაქცია.

ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის, ისევე როგორც ეს წარსულში გაგვიკეთებია, პატივი სცეს მედიის თავისუფლებას და დაიცვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, ცხადია ჩვენ გვსურს ვიხილოთ თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნები.
ჯონ კირბი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

რეიდებს გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც: „ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის, ისევე როგორც ეს წარსულში გაგვიკეთებია, პატივი სცეს მედიის თავისუფლებას და დაიცვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, ცხადია ჩვენ გვსურს ვიხილოთ თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნები," განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ნილს მუიჟნეკსმა რეიდს "თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული სახიფათო გზის თვალსაჩინო მაგალითი" უწოდა.

ერდოღანის პარტია კრიტიკას არ იზიარებს და ამტკიცებს, რომ რეიდის საფუძველი სასამართლოს ორდერი იყო, რომელმაც იპეკ კოზას კონგლომერატს ქონება დაუყადაღა, კომპანიაში რამდენიმე ტელევიზია, გაზეთები და 20-მდე კომპანია შედის.

კომპანიას ამერიკაში გახიზნულ ფეტულაჰ გულენთან კავშირებში ადანაშაულებენ, ერდოღანის ყოფილ თანამოაზრეს და ახლა მისი კრიტიკოსს პროკურატურა მას ტერორისტული ორგანიზაციის მართვაში ადანაშაულებს. გულენის მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოძიება 2013 წლის დეკემბერში დაიწყო, ერდოღანის მთავრობა მათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით თურქეთში მოსახლეობის 54% თურქეთში მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილოა

მედიის შეზღუდვა, ჟურნალისტების შევიწროვება და დაპატიმრება არაერთხელ გამხდარა თურქეთის კრიტიკის საგანი. საერთაშორისო ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი პრესის და ინტერნეტის თავისუფლების მხრივ თურქეთს ნახევრად თავისუფალ ქვეყანად აფასებს, სადაც „მთავრობა ვებ-გვერდებს სასამართლოს ორდერის გარეშე ბლოკავდა, აგრესიული გადაწყვეტილებები გამოჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს და ახლადმიღებულმა კანონებმა საიდუმლო თვალთვალის მექანიზმები გააძლიერა,“ ნათქვამია ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშში.

ამასთან, თურქეთის მთავრობა შიფრირებას ტერორიზმთან აკავშირებს, რაც დაპატიმრების საფუძველი გამხდარა. 2015 წელს Vice News-ის 3 თანამშრომელი ტერორიზმის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ კომპიუტერებში შიფრირებული პროგრამები აღმოაჩინეს.

ასევე თურქეთში პოლიციამ 13 წლის მოზარდი ფეისბუქზე ერდოღანის შეურაცხყოფისთვის დაკითხა.

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის პიუს კვლევების ცენტრის მიერ თურქეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების მიხედვით თურქეთში მოსახლეობის 54% ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილოა, 2013 წლიდან მოყოლებული ეს მაჩვენებელი 10 პროცენტით გაიზარდა.

თანაბარია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხით კმაყოფილთა და უკმაყოფილოთა რაოდენობა, 49-49%, ერდოღანის პარტიის მხარდამჭერთა 61% ქვეყანაში ძლიერ ლიდერს უჭერს მხარს, დემოკრატიის მმართველობას კი 36% ემხრობა, CHP-ის მხარდამჭერებში კი 68% დემოკრატიულ მმართველობას ანიწებს უპირატესობას.

ივნისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში პირველად უმრავლესობა ვერ მოიპოვა ერდოღანის პარტიამ, არჩევნებში გამარჯვებულმა ოთხმა პარტიამ კი კონსტიტუციით განსაზღვრულ 40 დღიან ვადაში სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ მოახერხა. თურქეთის მოქალაქეები პარლამენტის ასარჩევად საარჩევნო ყუთთან 1 ნოემბერს ისევ მივლენ.

XS
SM
MD
LG