ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთს სირიელი ლტოლვილები საზღვრებიდან გადაჰყავს


თურქეთ-სირიის საზღვარზე განთავსებულ ქილისის ბანაკს თითქმის 12 ათასი ლტოლვილი აფარებს თავს

თურქეთმა ათობით ათასი სირიელი ლტოლვილის სასაზღვრო ზონიდან მოშორებით, ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე გადაყვანა დაიწყო. გაეროს ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ანჯელინა ჯოლიმ, ხუთშაბათს, ლტოლვილთა ბანაკები მოინახულეს. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ჰენრი რიჯველი მოგვითხრობს ქილისის ბანაკიდან იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ლტოლვილებთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისი სირიის კონფლიქტის დიპლომატიურ დარეგულირებაზე.

თურქეთ-სირიის საზღვარზე განთავსებულ ქილისის ბანაკს თითქმის 12 ათასი ლტოლვილი აფარებს თავს.

გაეროს ლტოლვილთა სპეციალური დესპანისა და ჰოლივუდის ვარსკვლავის, ანჯელინა ჯოლის ვიზიტის შედეგად, ლტოლვილთა მძიმე მდგომარეობა კვლავ მთავარ ამბებში მოხვდა. თუმცა, ბანაკში მცხოვრებთა დიდი ნაწილი, ისევე როგორც ოთხი შვილის მამა - აბუ ომერი, სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

მისი თქმით, ის არაფერს არ მოელის გაერთიანებული ერებისგან. თვლის, რომ „აქედან არაფერი არ გამოვა”, რადგან გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები „აქ ადრეც ბევრჯერ მოსულან, მაგრამ არაფერი შეცვლილა.”

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ანტონიო გუტერესი სხვა ქვეყნებს დახმარებისკენ მოუწოდებს.

„თურქეთი, ლიბანი, იორდანია, ასევე, ერაყი უდიდეს ძალისხმევას იჩენენ. ისინი უზარმაზარ სოლიდარობას ამჟღავნებენ და, ასევე, იმსახურებენ სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობაში,” - განაცხადა ანტონიო გუტერესმა.

ამ შეხედულებას თურქეთიც იზიარებს.

საზღვართან ახლოს განთავსებულ 10 ბანაკში დაახლოებით 80,000 ლტოლვილი ცხოვრობს. 30-დან 40 ათასამდე სირიელი თურქეთში, ნათესავებთან ან მათ მიერვე ნაქირავებ საცხოვრებელ ადგილებში, ანტაკიას მსგავს ქალაქებში ბინადრობენ.

თურქეთმა ამ ლტოლვილთა ბანაკებში ან სასაზღვრო რეგიონებიდან მოშორებით გადაყვანის პროცესი დაიწყო. სელჩუკ უნალი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია.

„თურქეთი და სხვა მეზობელი სახელმწიფოები, მაგალითად, იორდანია, არ იღებენ საკმარის საერთაშორისო დახმარებას. ჩვენ მათ ქვეყნის დატოვებას არ ვთხოვთ, თუმცა, რასაკვირველია, კარგი იქნება თუ ადგილობრივი ხელისუფლება ამ ხალხის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის დასარეგულირებლად, დროდადრო, გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა თურქეთის პროვინციები თანაბრად დაიტვირთოს,” - განაცხადა სელჩუკ უნალმა.

საწყის ეტაპზე, თურქეთი ცდილობდა კრიზისს დამოუკიდებლად გამკლავებოდა, - ამბობს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სპეციალისტი თურქეთის საკითხებში, კატერინა დალაკურა.

„მათ გააცნობიერეს, რომ იმაზე დიდი ლუკმა აიღეს დასაღეჭად, ვიდრე შეეძლოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ ამ სირთულეს, როგორც ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ,” - განმარტავს კატერინა.

იმ ფონზე, რომ ქურთებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის უდიდეს ნაწილზე კონტროლი აიღეს, დალაკურას თქმით, კონფლიქტი თურქეთზე გადმოდის.

„ცენტრიდან, დამასკოდან, კონტროლის ნაკლებობამ თურქეთის შიგნით, ქურთებით დასახლებულ ადგილებში ძალადობის გაღვივება გამოიწვია. ეს რაიონები ქურთი აქტივისტებისათვის არეულობის ცენტრად იქცა,” - ამბობს კატერინა დალაკურა.

სირიელები თავიანთ სახლებს და ქვეყანას ტოვებენ. მოყვარულის მიერ გადაღებულ, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ ვიდეოში, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ოთხშაბათს, ალეპოშია გადაღებული, ნაჩვენებია თუ როგორ ტოვებენ სახლებს ადამიანები ჩემოდნებით ხელში ცეცხლსასროლი იარაღის გუგუნის ფონზე.

გაეროს მონაცემებით, სირია 250,000-მდე ადამიანმა დატოვა. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მასობრივი გაქცევის მასშტაბები მალე საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო ინტერვენცია მოსალოდნელი არ არის, შანსები რომ ლტოლვილები საკუთარ სახლებში უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან ძალიან მწირია.
XS
SM
MD
LG