ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფანტომ ეფ-4“-ის შედეგი


თურქეთსა და სირიას შორის კონფონტაციის რეალური საფრთხე

თურქეთის პრემიერ-მინისტრი სირიაზე ზეწოლა აძლიერებს. მიზეზი კი სირიის მიერ თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაა. გუშინ პარლამენტში გამოსვლისას რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირია “აშკარა და არსებულ საფრთხედ“ გამოაცხადა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი დეტალებს სტამბოლიდან არკვევდა.

ერდოღანმა თავის გამოსვლაში სირიის მმართველები მკაცრად გააკრიტიკა. ასევე თურქული არმიისთვის ახალი ვალდებულებები გამოაცხადა.

„თურქეთის საზღვარზე სირიიდან გადმოსული ნებისმიერი სამხედრო ელემენტი წარმოადგენს უსაფრთხოების რისკს და განიხილება, როგორც საფრთხედ და შესაბამისად სამხედრო სამიზნედ,“ - განაცხადა ერდოღანმა.

„მე ვაფრთხილებ სირიას, რომ ნუ დაუშვებენ შეცდომას და ნუ გამოცდიან თურქეთს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

ანალიტიკოსების თქმით, კონფრონტაციის საფრთხე რეალურია, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის საზღვართან სირიის არმიის რაოდენობა იზრდება. ისინი სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების გზების გადაკეტვას ცდილობენ.

აპრილში სირიის ძალებმა გაქცეულ ამბოხებულებთან ბრძოლის დროს, თურქეთის ტერიტორიაზე ორი ადამიანი მოკლეს. აქამდე თურქეთის არმია სირიელებთან კონფრონტაციას მაქსიმალურად ერიდებოდა. თუმცა, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ ვითარება შეცვალა.

ერდოღანმა კვლავ გაიმეორა, რომ თვითმფრინავი გაფრთხილების გარეშე ჩამოაგდეს. მისი თქმით, სირიას ეს ძვირად დაუჯდება, თუმცა თურქეთს ომი არ სურს.

„თურქეთმა იცის თუ რას აკეთებს. ჩვენ არ გავებმებით პროვოკატორების მიერ დაგებულ ომის მახეში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითმფრინავის ჩამოგდებას მშვიდად შევხვდებით. ჩვენ მტკიცედ ვიმოქმედებთ,“- განაცხადა ერდოღანმა.

ამავდროულად, მან მხარდაჭერა გამოხატა სირიელი ხალხის მიმართ, რომელიც დიქტატურის წინააღმდეგ იბრძვის.

გუშინ ნატოს წევრმა ქვეყნებმა სირიის მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდება დაგმეს და ანკარას მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. დამასკო ირწმუნება, რომ თურქულმა საბრძოლო თვითმფრინავმა სირიის საჰაერო სივრცე დაარღვია.

„ფანტომ ეფ-4“ ხმელთაშუაზღვაში ჩავარდა. 2 პილოტი დღემდე დაკარგულია.
XS
SM
MD
LG