ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო ვნებათაღელვა და 50-მდე დაშინებული ადამიანი


იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა, რომელიც საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს ბრიფინგი გამართა

კვირას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. წინასაარჩევნო კამპანია დასასრულისკენ მიდის. დღეს თეა წულიკიანმა, იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ამავდროულად საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს ბრიფინგი გამართა და ამ დროისთვის არსებული დარღვევებისა და მათზე რეაგირების შემთხვევების შესახებ ისაუბრა.

თეა წულუკიანს თქმით, ეს პირველი თვითმმართველობის არჩევნებია, როდესაც გამოხატვის თავისუფლების უფლება არაა დარღვეული და ხელისუფლება არ ძალადობს ხალხზე. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შსს მინისტრმა გამოაცხადა მორატორიუმი, რომლის თანახმად, კამპანიაში ჩართულ ადამიანებს არ შეაწუხებენ საგამოძიებო სტრუქტურების წარმომადგენლები, არ დაიკითხებიან ისინი და ასე შემდეგ. უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება. მინისტრი ამბობს, რომ ამ დროისთვის პროკურატურა წინასაარცევნო დარღვევების 80 ფაქტს იკვლევს, რის გამოც 100-ზე მეტი ადამიანს ესაუბრა, 76 შემთხვევაში შესაძლო მსხვერპლებმა არ დაასტურეს. ზეწოლის შემთხვევები.

„მივესალმები მთავარი პროკურატურის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას შეესრულებინა უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება და გორში, კანდიდატზე სავარაუდო ზეწოლაზე საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში პირის გამოკითხვაში მონაწილეობა მიეღებინებინა თავად საიას და საიასავე თანდასწრებით გადამოწმებულიყო მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ამ შემხვევაში, საიას მიერ მოწოდებული ინფორმაციის დადასტურება არ მოხდა და საიას მიერ დასახელებულმა პირმა უარყო ზეწოლის ფაქტი. მივესალმები მთავარი პროკურატურის ინიციატივას, სურვილის შემთხვევაში, მომავალშიც, პოლიტიკურ აქტივისტებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე, არასამთავრობო სექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნას ჩართული, პროკურატურასთან ერთად. მთავარი პროკურატურა ამისთვის მზადაა და ეს მისასალმებელია. მივესალმები მთავარი პროკურატურის მიერ ჟურნალისტ მერაბ როდონაიას წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამოპანიისას ზუგდიდში განხორციელებული უკანონო ქმედების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. მედიის თავისუფლება ამ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ფაქტის შესახებ უწყებათაშორის კომისიას ინფორმაცია მიაწოდა საიამ და მოვუწოდებ საიას და ჟურნალისტ როდონაიას, ნუ ამბობს უარს პროკურატურასთან თანამშრომლობაზე,“- აცხადებს თეა წულუკიანი.

ამერიკის ხმა ესაუბრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც, დიდი გამოცდილება აქვთ წინასაარჩევნო კამპანიის და არჩევნებზე მონიტორინგის სფეროში. ლელა ტალიური, საიას წარმომადგენელი ამბობს, რომ საიამ პარტნიორ იტანიზაციებთან ერთად წარმოადგინა 50-მდე ფაქტი, რა დროსაც მოხდა საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ადამიანზე ზეწოლა, რის გამოც მათ მოხსნეს საკუთარი კანდიდატურა. ლელა ტალიური ჩვენთან ზუგდიდელ ჟურნალისტ მერაბ როდონაიაზე განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მას ამავე პარტიის შეკრებაზე გადაღებული კადრების გასაჯაროების ნება არ დართეს. როდონასიას შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ლელა ტალიური: „50-მდე პირმა, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის გამო მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები. ამის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდიდნენ სხვადასხვა პარტიები, არა მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ამის თაობაზე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, როგორებიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და სამართლიანი არჩევნები ორი განცხადება გავავრცელეთ და ამასთანავე გავმართეთ ბრიფინგი, მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანიებს ამ ფაქტების გამოძიებისკენ. ზოგადად, ძალიან ჭირდა დაკონტაქტება იმ ადამიანებთან, ვისზე ზეწოლის შესახებაც პარტიები გვაწვდიდნენ ინფორმაციებს. ისინი, ხშირ შემთხვევაში, ფაქტებს არ ადასტურებდნენ, იყვნენ დაშინებულები, არ პასუხობდნენ სატელეფონო ზარებს, იყო შემთხვევები, როდესაც გვპასუხობდნენ, რომ იყვნენ ქვეყნიდან გასულნი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ადამიანებმა სავარაუდო ძალადობისა და სავარაუდო ზეწოლის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს მთავარ შტაბებს, ამიტომ შტაბებთან გვქონდა კონტაქტი, თუმცა არიან ისეთი ადამიანინებიც, რომლებმაც აღიარეს ზეწოლის ფაქტები. მაგალითად, აკმამედ იმამკულიევი, რომელმაც აღიარა, რომ მასთან კომუნიკაცია ჰქონდა პარლამენტის წევრს ალი მამედოვს, მაგალითად ემზარ ჯანაშვილს, რომელსაც დაემუქნენ, თუ კანდიდატურას არ მოხსნიდა, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ მის ცოლს, რომელიც „სოკარში“ მუშაობს, მაგალითად ყურბან მამედოვს, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადება დაუწერა და უთხრა, რომ რეგისტრაცია კი მოხსნა სხვა გვარით და სახელით, შეცდომაში შეიყვანა კომისია, მაგრამ არასწორად სპეციალურად მიუთითა გვარი და სახელი, რადგან არ სურდა რეგისტრაციიდან მოხსნა და თქვა, რომ ზეწოლა იყო, აგრეთვე თეთრიწყაროში დაფიქსირდა ზეწოლა კანდიდატზე. რაც შეეხება მედიაზე ზეწოლის ფაქტებს, ამ მხრივ ვითარება გაცილებით გაჯანსაღებულია. გვაქვს მხოლოდ ერთი ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა ზუგდიდში. ჟურნალისტმა როდონაიამ გადაიღო ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრა და მას მაშინვე დაემუქნენ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომ თუ არ წაშლიდა მასალას, ჩასვამდნენ საბარგულში, შემდეგ თავად წაართვეს პარტიის წევრებმა კამერა, წაუშალეს მასალა და დაატოვებინეს ტერიტორია.

სამართლიანი არჩევნების იურისტი ნინო ჯანაშია, რომელსაც ამერიკის ხმა დაუკავშირდა, აცხადებს:

„სხვადასხვა პარტიაა, არაა მხოლოდ ერთი პარტია, ძირითადად ოპოზიციური პარტიები, რომელთა მიმართაც სავარაუდო ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი და რაკი ისინი ოპოზიციური პარტიები არიან, სწორედ ამის გამო ჩნდება ეჭვი: ხომ არ ხდება ხელოვნურად ხელშეშლა მათ მონაწილეობაზე არჩევნებში“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნოდ გაუმჯობესებულია ვითარება დამოუკიდებელ მედიაზე წვდომის თვალსაზრისით, ასევე ნაკლებად ფიქსირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები.
XS
SM
MD
LG