ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალის ციხეში 6 ქართველი კვლავ რჩება


ცხინვალის ციხეში 6 ქართველი კვლავ რჩება
ცხინვალის ციხეში 6 ქართველი კვლავ რჩება

კვირა იშვიათად გადის ისე, ცხინვალის მხარეს, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქე რომ არ აღმოჩნდეს. თუმცა ევროკომისრის კომისიონერი თომას ჰამარბერგის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, "საზღვრის უნებურად დამრღვევებს“ ცხინვალის ციხეში ხანგრძლივად აღარ აჩერებენ. მათ ქართულ პოლიციას უკან იმავე დღეს, ან ორი დღის ინტერვალში უბრუნებენ. ბოლო ერთი კვირის მანძილზე შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვლადიმერ ჯუღელმა 8 შემთხვევით საზღვრის დამრღვევი მოქალაქე დააბრუნა უკან.

როგორც თავად ამბობს, ბოლო პერიოდში საზღვრის გადამკვეთთა შორის ჭარბობენ ახალგაზრდები, ძირითადად დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობის მაცხოვრებლები, რომლებიც ახლა დევნილები არიან. იმის გამო, რომ მათ საკუთარი სახლი ენატრებათ და მისი ნახვა სურთ, რისკავენ და არაკონტროლირებად მხარეს გადადიან.

ასეთი შემთხვევა მიმდინარე კვირასაც დაფიქსირდა. ცხინვალის ციხეში ამჟამად 16 წლის ახალგაზრდა იმყოფება, რომელიც უკან გამობრუნებაზე უარს ამბობს. იგი მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ომის შემდგომ მისი ოჯახი კოდას დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მკვიდრი ზაალ ახალკაცი ამბობს, რომ ქართული და ოსური მხარე ომამდე საერთო გზით სარგებლობდა. დვანის რამდენიმე მკვიდრი საკუთარ სახლამდე რომ მივიდეს ახლაც ეს გზა უნდა გაიაროს. ზაალ ახალკაცი ამბობს, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ამ გზაზე მიმავალი ადამიანები ვარდებიან ტყვეებად სოფელ დვანიდან.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მცხოვრები მაყვალა ივანაძე ამბობს, რომ მათ სოფელს გარს მინდვრები, გაშლილი ადგილები არტყავს, ამიტომ ყველა იქ მცხოვრებმა იცის სადამდე შეიძლება მისვლა და სად იწყება საშიში ზონა.

ამჟამად ცხინვალის ციხეში 6 ქართველი რჩება. მათ შორისაა გენერალი კობალაძე, ასევე თიღვის თემის გამგებლის, გონერი კაპანაძის ოჯახის ორი წევრი. რამდენიმე ხნის წინ „ამერიკის ხმა“ იტყობინებოდა, რომ ცხინვალის ციხეში ასევე 70 წელს მიღწეული ეთნიკურად ქართველი ქალბატონი იხდიდა სასჯელს. ბოლო მონაცემებით, იგი გათავისუფლებულია, რადგან საბუთების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG