ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის შორს მიმავალი მემკვიდრეობა: უზენაეს სასამართლოში კონსერვატორთა უმრავლესობა


12 დეკემბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უზენაესი სასამართლოს მიმართ გულისწყრომა “ტვიტერზე” შემდეგი შეტყობინებებით გამოხატა: “უზენაესმა სასამართლომ დაგვაღალატა, არ გამოიჩინა არც სიბრძნე და არც გამბედაობა”!

პრეზიდენტის უკმაყოფილება, სასამართლოს მიერ ტეხასის მთავარი პროკურორის მიერ წარდგენილ სარჩელზე უარის თქმამ გამოიწვია, რომელიც არჩევნების შედეგების გაუქმებისკენ იყო მიმართული, მაგრამ სასამართლომ მის მხედველობაში მიღებაზეც კი უარი თქვა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ ტრამპი არამეგობრული გადაწყვეტილებით გაანაწყენა. სულ ხუთი დღით ადრე, მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება რესპუბლიკელების კიდევ ერთი მცდელობის წინააღმდეგ, პენსილვანიაში ბაიდენის გამარჯვება გაეუქმებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არ ისურვა არჩევნების შედეგების გაუქმების საქმეში ჩარეულიყო, ამჟამინდელ პრეზიდენტს მაინც შეუძლია დაიტრაბახოს, რომ უზენაესი სასამართლო და მთლიანად ფედერალური სასამართლო სისტემა უფრო კონსერვატიული გახადა.

ერთი საპრეზიდენტო ვადის კვალობაზე, ტრამპს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საქმეში ძალიან გაუმართლა და სულ ოთხ წელიწადში სამი მოსამართლე დანიშნა. ყველაზე მეტი, ვიდრე პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის შემდეგ, ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ვინმეს დაუნიშნავს. 6-ით 3-ის წინააღმდეგ კონსერვატიული უმრავლესობის შექმნით, ის სასამართლოში დრამატულ იდეოლოგიურ გადართვას დაეხმარა.

5-ით 4-ზე კონსერვატიული უმრავლესობის დროს, მხოლოდ ერთი კონსერვატორი მოსამართლის პოზიციის გადახრას, ლიბერალური გადაწყვეტილების დადგომის გამოწვევა შეეძლო. ის გადამწყვეტი ხმა, ხშირად ზომიერ კონსერვატორ მთავარ მოსამართლე ჯონ რობერტსს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა, მტკიცე 6-ით 3-ზე კონსერვატიული სუპერ უმრავლესობის პირობებში, რობერტსის ხმა გადამწყვეტი აღარ იქნება.

ამასთან ერთად, ტრამპის დანიშნული მოსამართლეები შედარებით ახალგაზრდები არიან - მათი საშუალო ასაკი 52 წელია - და ეს სასამართლოში მათ ხანგრძლივ ყოფნას უზრუნველყოფს. ისინი სასამართლოს შემადგენლობაში, სავარაუდოდ, 30 წელიწადზე მეტხანს იქნებიან.

უზენაესი სასამართლოს გავლენა შესაძლოა მთლიანად ფედერალურ სასამართლო სისტემაზეც აისახოს, სადაც ტრამპმა 200-ზე მეტი კონსერვატორი მოსამართლე დანიშნა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რესპუბლიკელების დანიშნული რამდენიმე მოსამართლე მარცხნივ გადაიხარა, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ტრამპის დანიშნული მოსამართლეებიც მათ კვალს გაჰყვნენ, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტრამპის მიერ შერჩეული მოსამართლეები “უფრო მყარ იდეოლოგიურ პოზიციებზე დგანან”.

მაგრამ, გორსაჩმაც და კავანამაც, ზოგიერთი კონსერვატორის შემაშფოთებლად, ზოგჯერ სასამართლოს ლიბერალურ ფრთას დაუჭირეს მხარი.

მიუხედავად ყველაფრისა, სასამართლო გადაჭრით უფრო კონსერვატიულია, ვიდრე ის ოთხი წლის წინ იყო, როდესაც ტრამპი თეთრ სახლში შევიდა.

იმ დროს, როდესაც ტრამპი საკამათო წესების დასანერგად საპრეზიდენტო განკარგულებებს იყენებდა, აღმასრულებელ უფლებამოსილებასთან დაკაშირებული კონსტიტუციური საკითხი, ბოლო წლებში რამდენჯერმე სასამართლოში აღმოჩნდა. ზოგადად, კონსერვატიულად განწყობილი მოსამართლეები, ძლიერ საპრეზიდენტო უფლებამოსილებას უჭერენ მხარს, თუმცა იმ დროს, როდესაც ზოგიერთ საკითხზე სასამართლო ტრამპის ადმინისტრაციის მხარეს იყო, სხვა საკითხებზე ის პრეზიდენტს შეეწინააღმდეგა.

ყველაზე წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება სასამართლომ 2018 წელს, ტრამპის ბრძანებულების მხარდასაჭერად მიიღო, რომელიც მეტწილად მუსლიმი მოსახლეობის ქვეყნებიდან შეერთებულ შტატებში შემოსვლას კრძალავდა და სასამართლოში ამ ბრძანებულების საწინააღმდეგო სარჩელი შეიტანეს.

ტრამპმა კიდევ ერთი გამარჯვება 2019 წელს მოიპოვა, როდესაც სასამართლომ სამხედრო ბიუჯეტიდან მილიარდობით დოლარის, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაზე გადასროლას დაუჭირა მხარი.

უზენაეს სასამართლოში ტრამპის ადმინისტრაციის დამარცხებებს შორის ითვლება 2019 წელს, 5-ით 4-ზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციის მიერ მოსახლეობის აღწერის კითხვარში მოქალაქეობის შესახებ კითხვის შეტანა დაიბლოკა. სასამართლომ ასევე დაბლოკა ე.წ. “დაკა” პროგრამის დასრულება, რომელიც ახალგაზრდა უსაბუთო იმიგრანტებს დეპორტაციისგან იცავს. სასამართლომ ასევე უარი უთხრა ტრამპის განაცხადს, ფინანსური ჩანაწერების სავალდებულო წარდგენის მოთხოვნის მიმართ აბსოლუტური იმუნიტეტი მიეღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG