ამერიკის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში შესვლის პირველივე დღეს გააუქმებს ისტორიულ, მსოფლიოს ყველაზე მოცულობით სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელიც “თი-ფი-ფის” (TPP) სახელითაა ცნობილი. ამერიკას და წყნარი ოკეანის რეგიონის 11 სახელმწიფოს შორის შეთანხმებას ლიბერალიზებული ვაჭრობის თაობაზე ხელი 2016 წლის თებერვალში მოეწერა. ამ ქვეყნებზე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 40 პროცენტი მოდის.
ამერიკის მონაწილეობის გარეშე შეთანხმება ჩაიშლება, რაც დღეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემაც დაადასტურა. მისი თქმით, ხელშეკრულება “შეერთებული შტატების გარეშე აზრს კარგავს”. რესპუბლიკელები დიდი ხანია პრეზიდენტ ობამას მიერ დადებულ პაქტს ეწინააღმდეგებოდნენ. კონგრესმა თავის დროზე მის დამტკიცებაზე უარი თქვა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადება ორშაბათს, სოციალურ ქსელ “იუ-თუბზე” ვიდეოჩანაწერის სახით გაავრცელა, რომელშიც სავაჭრო შეთანხმებას ამერიკისთვის “პოტენციური კატასტროფის” შემცველი უწოდა. ის რამდენიმე სავაჭრო ხელშეკრულების გაუქმებით, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ანულირებით, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში იმუქრებოდა.
ორშაბათს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში დონად ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ორი თვის გეგმებზე საუბრობს. მასში არაფერია ნათქვამი ყველაზე გახმაურებულ დაპირებაზე - მექსიკის საზღვარზე მაღალი, დაცული კედლის აშენების თაობაზე. იმიგრაციის თემაზე ტრამპმა მხოლოდ ის თქვა, რომ დაიწყება სავიზო პროგრამების დარღვევის ფაქტების გამოძიება. ტრამპის თქმით, თავდაცვის დეპარტამენტს დაევალება შეიმუშაოს გეგმა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის კიბერ-თავდასხმების, თუ სხვა ტიპის იერიშებისგან დაცვის მიზნით.