ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ადმინისტრაციაში წამყვანი პოსტების შევსებას განაგრძობს


სხვადასხვა წყაროს ცნობით, არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელი სენატორი ჯეფ სეშენსი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა.

ტრამპის ხელისუფლების გადაცემის გუნდს ჯერ არ დაუდასტურებია გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა გუნდთან დაახლოებული წყაროების ცნობით, სეშენსი ამერიკის მომდევნო გენერალური პროკურორი იქნება. ის ტრამპის გუნდში მისი კამპანიის დასაწყისიდან მუშაობდა.

ტრამპმა ასევე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე კონგრესმენი მაიკ პომპეო, ხოლო მრჩევლად ეროვნული უსაფრთოხების საკითხებში გადამდგარი გენერალი მაიკ ფლინი წარადგინა.

ფლინის შემთხვევაში, სენატის თანხმობა საჭიროა არაა, ხოლო სეშენსის და პომპეოს თანამდებობაზე დანიშვნისთვის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის დასტურია საჭირო.

საკანონმდებლო ორგანოში, სეშენსს მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ. 30 წლის წინ, როდესაც სეშენსი ფედერალური მოსამართლის პოზიციაზე იქნა ნომინირებული მას მოუწია მკაცრი კრიტიკისთვის ეპასუხა, რაც ალაბამაში პროკურორად მუშაობის პერიოდში მის მიერ სავარაუდოდ გაკეთებულ რასისტულ რემარკას შეეხებოდა. 1986 წელს, როდესაც სეშენსი ფედერალური მოსამართლის ნომინაციისთვის იბრძოდა, აფრო-ამერიკელმა ტომას ფიგურესმა, რომელიც მაშინ პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა, მას რასიზმში დასდო ბრალი. ფიგურსის თქმით, სეშენსმა მას რამდენჯერმე მიმართა რეპლიკით „ბიჭო“ (დამამცირებელი მიმართვა რასობრივი დისკრიმინაციის პერიოდში შავკანიანიანი ამერიკელების მიმართ) და უთხრა, რომ „დაფიქრებულიყო, სანამ „თეთრკანიანებს“ რამეს ეტყოდა“.

სეშენსი ბრალდებას უარყოფდა, თუმცა მაშინდელმა სენატორმა ედვარდ კენედიმ აფრო-ამერიკელ პროკურორთა ჯგუფის სახელით წერილი გაგზავნა, სადაც ის ამბობდა, რომ ამ საკითხზე ფიგურესმა წარსულში რამდენჯერმე მიმართა ჯგუფს. სეშენსმა მაშინ თავისი კანდიდატურა მოხსნა, და მუშაობა შტატის პროკურორად გააგრძელა. ხოლო 1996 წელს სენატის არჩევნები მოიგო. სეშენსი, თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში ქვეყნის ტოპ პროკურორი და ნომერ პირველი სამართალდამცავი იქნება.

57 წლის პომპეო სამგზის კონგრესმენია კანზასიდან. 1986 წელს, ვესტ პოინთის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის ამერიკის სამხედრო კავალერიის ოფიცერი გახდა. პომპეო, წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წევრია.

ფლინს კამპანიის განმავლობაში ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის თანამდებობა ეკავა. ის, სავარაუდოდ, ტრამპის მომავალ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში დიდ როლს ითამაშებს, გამომდინარე იქიდან რომ ტრამპს პრაქტიკული გამოცდილება ამ მიმართულებით არ გააჩნია.

ფლინი 57 წლის დემოკრატი და მრავალი ტიტულის მქონე ომის ვეტერანია. ის გენერლის უმაღლეს წოდებას ატარებს. ფლინმა კარიერა 1981 წელს დაიწყო, როდ-აილენდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. წლების მანძილზე ის სამხედრო კარიერაში წინ მიიწევდა. ის პრეზიდენტმა ობამამ თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დანიშნა, თუმცა ფლინი 2014 წელს გადადგა, როგორც ამბობენ მისი არც თუ ისე შესაფერისი მენეჯმენტის უნარების გამო.

XS
SM
MD
LG