თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კოსმოსში ბაზირებული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ახალ სტრატეგიას გამოაქვეყნებს.
ტრამპი პენტაგონში გაასაჯაროებს იმის დეტალებს, რაც ანტისარაკეტო თავდაცვის მიმოხილვის სახელით არის ცნობილი.
მიმოხილვა ასკვნის, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააფართოოს და გააძლიეროს კოსმოსური ბაზირების თავდაცვითი ტექნოლოგიები, რათა პასუხი გაეცეს რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის მიერ მაღალტექნოლოგიური იარაღის სისტემების შემუშავებას.
ოთხშაბათს, ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სტრატეგია კოსმოსში სენსორების განლაგებას ითვალისწინებს, რათა მოწინააღმდეგის მიერ რაკეტის გაშვებაზე რეაგირება უფრო სწრაფად მოხდეს. ასევე, განიხილება კოსმოსში გზაგადამჭრელების განლაგებაც.
ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ადმინისტრაციას სჯერა, კოსმოსური ბაზირების თავდაცვითი სისტემების შემუშავება შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია იმისთვის, რომ გარე საფრთხეებს სათანადო პასუხი გაეცეს.
კოსმოსში თავდაცვითი სისტემების ნებისმიერმა შემუშავებამ, შესაძლოა შეერთებული შტატების სხვა სამხედრო პრიორიტეტებს კონკურენცია გაუწიოს, მათ შორის, ახალი თაობის ბირთვულ იარაღის განვითარებას, რომლისთვისაც დამატებით მილიარდობით დოლარი გამოიყო.
Facebook Forum