სულ ცოტა ხნის წინ, დემონსტრანტები ქალაქ ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. თუმცა, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ძალით შევარდნამდე, ისინი ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ და მოქმედი პრეზიდენტის, ტრამპის სიტყვით გამოსვლასაც დაესწრნენ.
ტრამპმა თავის ათასობით მხარდამჭერს, რომელიც ახლაც ვაშინგტონის ქუჩებშია გამოსული, სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ის "არასდროს აღიარებს დამარცხებას". პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, წარმომადგენელთა პალატაში, კანონმდებლები შეიკრიბნენ, რათა არჩევნების საბოლოო შედეგების სერტიფიცირება მოეხდინათ.
პრეზიდენტმა თავისი სიტყვით გამოსვლის დროს, რამდენჯერმე გაიმეორა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნები "მოიპარეს". ტრამპის თქმით, "რადიკალ მემარცხენე დემოკრატებთან" ერთად, "ყალბი ახალი ამბების მედიამ" გამოიყენა "ჩინური ვირუსი" იმისთვის, რომ "მოეპარათ არჩევნები".
ვაშინგტონში, ტრამპის მომხრეებმა შეკრება გუშინ საღამოს დაიწყეს. გუშინვე მათ ნაწილსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია მინიმუმ 6 ადამიანი.
ჯერ უცნობია რამდენი დაკავებული, ან დაშავებულია ცოტა ხნის წინ კაპიტოლიუმში ტრამპის მომხრეთა შეჭრის შედეგად. ცნობილია, რომ მოხდა შენობის ევაკუაცია და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა შენობაში.
Facebook Forum