ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: საუდის არაბეთზე თავდასხმაში სავარაუდოდ, ირანია პასუხისმგებელი


შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან საპასუხო რეაქციაზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე ხელთ არ ექნებათ "უტყუარი საბუთი" იმისა, თუ ვინ ააფეთქა საუდის არაბეთის ნავთობ-გადასამუშავებელი ობიექტები. ორშაბათს, პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში ბაჰრეინის სამეფოს გვირგვინოსან უფლისწულს შეხვდა და მოგვიანებით, საუდის არაბეთში მომხდარ თავდასხმაზეც ისაუბრა.

ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ მომხდარის მიხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ირანმა ჩაიდინა. "როგორც კი ზუსტად გვეცოდინება, შეგატყობინებთ, თუმცა ასეთი პირი უჩანს" - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ის ამბობს, რომ ირანთან ომი არ სურს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ამერიკა გაცილებით ძლიერი სამხედრო ტიპის რეაგირებისთვისაც მზად არის.

საუდის არაბეთის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი საწარმოს "არამკოს" ობიექტებზე იერიში შაბათს დილით განხორციელდა. ქვეყნის ლიდერი, მეფე სალმანი აცხადებს, რომ თავდამსხმელთა სამიზნე არამარტო საუდის არაბეთი, არამედ გლობალური ეკონომიკაც არის. იერიშების გამო, მსოფლიოს გადაუმუშავებელი საწვავის 5 პროცენტის მიწოდება შეუწყდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა, ჰუთი მეამბოხეების დაჯგუფებამ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ იერიში ირანის, ან ერაყის ტერიტორიიდან მომხდარიყო. თეირანი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს და ბრალდებებს "მაქსიმალურ ტყუილს" უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG