პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უსაფრთხოების საკითხებში თავისი ყოფილი მრჩევლის აღიარებით ჩვენებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მაიკლ ფლინს გამომძიებლები უსამართლოდ ექცევიან. საუბარია რუსეთის მხრიდან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის თაობაზე მიმდინარე გამოძიებაზე. მაიკლ ფლინმა პარასკევს თავი დამნაშავედ სცნო გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის განზრახ მიცემულ ცრუ ჩვენებებში. ის გასულ წელს, საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე დაკითხეს.
"ცუდად ვგრძნობ თავს გენერალ ფლინთან დაკავშირებით. ძალიან ცუდად" უთხრა ორშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს. მან ფლინის საქმე თავისი ყოფილი მოწინააღმდეგის, საპრეზიდენტო კანდიდატ ჰილარი კლინტონის იმეილების თაობაზე ჩატარებულ გამოძიებას შეადარა.
დონალდ ტრამპის თქმით, "ჰილარი კლინტონმა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ბევრჯერ მოიტყუა. მას არაფერი მოსვლია. ფლინმა მოიტყუა და მას ცხოვრება დაუნგრიეს. ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა" - განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა, ტრამპს არ მიუთითებია წყარო, რომელიც ადასტურებს, რომ კლინტონმა გამოძიებას ცრუ ჩვენებები მისცა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის განცხადებით, მათ "არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ დაასკვნან, რომ ის [კლინტონი] იტყუებოდა".
გამოძიება დაინტერესდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" უქმეებზე გაჩენილი ჩანაწერით, რომელიც ადასტურებს, რომ მან ადრეც, 13 თებერვალსაც იცოდა ფლინის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ცრუ ჩვენებების შესახებ. "ტვიტერის" გზავნილზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა აიღო. გამოცემა "აქსიოსს" დენ სკავინომ უთხრა, რომ ეს ე.წ. "ტვიტი" მან დაწერა და ეს მისი "შეცდომაა".
Facebook Forum