ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩმენტის საკითხზე საჯარო მოსმენები ოთხშაბათს იწყება


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საჯარო მოსმენების დაწყებამდე ადრე, საიმპიჩმენტო გამოძიებაზე თავდასხმები განაახლა. მის წინააღმდეგ გამოძიება, პოლიტიკური სარგებლის მისაღებად, თანამდებობის სავარაუდო ბოროტად გამოყენების გამო არის მიმართული.

ნიუ-იორკში, ვეტერანთა ყოველწლიურ დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლის წინ, ტრამპმა „ტვიტერზე“ მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის საიმპიჩმენტო გამოძიების ლიდერმა ადამ შიფმა „გააყალბა“, რვა ოფიციალური პირის ჩვენებების სტენოგრამები, რომლებმაც წინა კვირებში, ჩვენება დახურულ კარს მიღმა მისცეს.

სტენოგრამების თანახმად, მოქმედმა და ყოფილმა დიპლომატებმა და ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალურმა პირებმა, დაწვრილებით აღწერეს თუ ტრამპმა და მისმა თანაშემწეებმა როგორ განახორციელეს წნეხი უკრაინაზე, რათა მას დაეწყო გამოძიება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი დემოკრატი პრეტენდენტის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინულ გაზის კომპანიაში მუშაობდა. ჩვენებებმა ასევე საფუძველი გამოაცალა თეორიას, რომ 2016 წლის არჩევნებში უკრაინა ჩაერია და არა რუსეთი, როგორც ეს შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა დაასკვნა.

ტრამპმა მოითხოვა: „რესპუბლიკელებმა საკუთარი სტენოგრამები უნდა წარმოადგინონ“.

საიმპიჩმენტო გამოძიება მთავრობის შიგნით, ანონიმური საჩივრით დაიწყო. მომჩივანმა თქვა, რომ შეაშფოთა ზელენსკისადმი ტრამპის თხოვნამ, ბაიდენის გამოძიება ჩაეტარებინათ, რადგან ეს ისე გამოიყურებოდა, რომ პრეზიდენტი მომავალი წლის არჩევნებისთვის უცხო მთავრობის დახმარებას ეძიებდა.

ტრამპმა, რომელიც ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს ხშირად უწოდებს „უნაკლოს“, „ტვიტერით“ გამოაქვეყნა, რომ საიმპიჩმენტო გამოძიება უნდა დასრულდეს და „ანონიმური მომჩივანი, მისი ადვოკატი და კორუმპირებული პოლიტიკოსი შიფი, თაღლითობის თემაზე გამოიძიონ!“

2017 წლის დასაწყისში, როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, ანონიმური მომჩივანის ვაშინგტონელმა ადვოკატმა „ტვიტერით“ გამოაქვეყნა: „პუტჩი დაიწყო“ და „საბოლოოდ ამას იმპიჩმენტი მოჰყვება“. მოგვიანებით ის ამბობდა: „ჩვენ მას მოვიცილებთ, ეს ქვეყანა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ის და მისი მხარდამჭერები გადაიტანოს.“

შეერთებული შტატების ისტორიაში, პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო მოსმენები მხოლოდ მეოთხედ დაიწყო. პირველ სამ შემთხვევაში, ორ პრეზიდენტს, მეცხრამეტე საუკუნეში ენდრიუ ჯექსონს და ორი ათეული წლის წინ ბილ კლინტონს იმპიჩმენტი გამოუცხადეს, მაგრამ სენატში გაამართლეს. მესამე პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი, 1970 წლებში სავარაუდო იმპიჩმენტის გამოცხადების წინ თანამდებობიდან გადადგა.

ოთხშაბათს, როდესაც მოსმენები დაიწყება, შიფის დაზვერვის კომიტეტის წინაშე სახელმწიფო დეპარტამენტის ორი თანამდებობის პირი წარსდგება. უილიამ ტეილორი და ჯორჯ კენტი ჩვენებას მისცემენ, ტრამპი და მისი თანაშემწეები ზელენსკიზე წნეხს როგორ ახორციელებდნენ, რომ მას ბაიდენებზე გამოძიება დაეწყო. რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ მათ ჩვენებებში შეუსაბამობებს მიაგნებს და კომიტეტში ტრამპის მტკიცე მხარდამჭერი კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი დაასახელეს.

შიფმა რესპუბლიკელებს შესთავაზა მათთვის საინტერესო მოწმეების სია წარმოედგინათ, მაგრამ რესპუბლიკელების მოწმეთა სიიდან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, ჰანტერ ბაიდენი და ანონიმი მომჩივანი ამოაგდო.

შეერთებული შტატების კანონის მიხედვით, მთავრობის შიგნით ანონიმი მომჩივანის ვინაობა გამხელისგან დაცულია.

თუმცა ტრამპი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ანონიმი მომჩივანი დასახელებულიყო და მასთან დაპირისპირების საშუალება მისცემოდა. დემოკრატები კი ანონიმი მომჩივანის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას ახმოვანებენ და აცხადებენ, რომ მის საჩივარში გამოთქმული ბრალდება მთავრობის სხვა ოფიციალურმა პირებმა გაამაგრეს, რომლებმაც ტრამპის სატელეფონო საუბარი მოისმინეს, ან მიიღეს მითითება , რომ უკრაინისთვის ბაიდენების გამოძიება ეიძულებინათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG