ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიული გამარჯვებიდან 3 წლის შემდეგ, ტრამპი გამოწვევებს უპირისპირდება


სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნოემბრის საღამოს, ქვეყნის 45-ე პრეზიდენტად არჩევით, დონალდ ტრამპმა მთელი მსოფლიო გააოცა. მაშინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასეთი განცხადება გააკეთა: „მთელს ქვეყანაში ყველა რესპუბლიკელს, დემოკრატს და დამოუკიდებელს ვეუბნები , რომ დროა ყველა გავერთიანდეთ, როგორც ერთი, მთლიანი ხალხი.“

ერთობისკენ ადრეული მოწოდება დიდი ხანია გაუფერულდა. ტრამპი ჩივის: „რაც უფრო მეტ წარმატებას ვაღწევთ, დემოკრატები მით უფრო მეტად მტრულად განწყობილი და განრისხებული ხდებიან...“

ტრამპს ახლა თავისი ერთგული მხარდამჭერების იმედი აქვს, რომ პირველ რიგში იმპიჩმენტს გაუძლოს და მერე, მომდევნო წელს, ხელმეორე არჩევნებში გაიმარჯვოს.

ცოტა ხნის წინ, ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა: „ამ ბრძოლაში, ფსონზე თვით ამერიკული დემოკრატიის გადარჩენა დევს. თავს ნუ მოიტყუებთ, მათ სწორედ ეს სურთ. ისინი ამ ქვეყანას ანგრევენ, მაგრამ ამას არასდროს დავუშვებთ, არაფერს ამის მსგავსსაც კი.“

წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების ყურადღების ცენტრშია პრეზიდენტ ტრამპის სავარაუდო მცდელობა, წნეხი განეხორციელებინა უკრაინაზე, რათა მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის საქმე გამოეძიებინა. ბაიდენმა ტრამპი საკუთარ სანომინაციო რბოლაში საკითხად აქცია.მან ტრამპის შესახებ თქვა: „ის ლაპარაკობს, რომ სამოქალაქო ომი იქნება. ის ფსიქიურად აშლილი კაცია, ის ფსიქიურად აშლილია. მაშფოთებს, თუ მისი პრეზიდენტობის შემდეგ წელს რას გააკეთებს.“

ჯონ ფორტიერი ორპარტიული ცენტრიდან ამბობს: „დემოკრატებს რაც შეეხება, მათ სჯერათ, რომ პრეზიდენტმა რაღაც ცუდი ჩაიდინა და ფიქრობენ, რომ მეტ სამხილს იპოვიან, ასევე იმედი აქვთ, რომ ეს საზოგადოებრივ აზრს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართავს და სავარაუდოდ თანამდებობიდან გადააყენებს. რესპუბლიკელები კი ყოფილ პრეზიდენტს უყურებენ და ამბობენ, რომ ეს ვითარება შესაძლოა, დემოკრატებს შემოუტრიალდეს ან, სულ მცირე, თავისით ჩაქრეს.“

გამოკითხვები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი 40 პროცენტზე ოდნავ მაღლაა, რაც ისტორიულ რეტროსპექტივაში სუსტი მაჩვენებელია მოქმედი პრეზიდენტისთვის, რომელიც ერთდროულად ცდილობს იმპიჩმენტს გაუმკლავდეს და ხელმეორედ არჩევას მიაღწიოს.

რესპუბლიკელი სტრატეგი ჯონ ფიჰერი ამბობს, რომ პოლიტიკურ მხარდამჭერთა ბაზაზე ტრამპის გავლენის არასათანადო შეფასება, საშიში საქმეა: „ვაშინგტონელი ექსპერტები ტრამპის შესახებ ვერაფერს ხვდებიან? ეს აბსოლუტურად ასეა. მათ წარმოდგენა არ აქვთ, ამ კაცს ქვეცნობიერ დონეზე როგორი გავლენა აქვს. მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, მხარს რატომაც უჭერენ ისაა, რომ დაპირებებს ასრულებს და ეკონომიკა აამუშავა,“ ამბობს ჯონ ფიჰერი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემოკრატების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა ტრამპს იმპიჩმენტს გამოუცხადებს, რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებულ სენატში, სავარაუდოდ ის იმპიჩმენტის გარჩევას გადაურჩება, ამბობს ანალიტიკოსი უილიამ გალსტონი.

„იმპიჩმენტზე საუბრის დასაწყისიდანვე, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყო, მჯეროდა, რომ თუ დემოკრატებს ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება სურთ, ეს 2020 წლის საარჩევნო პროცესის მეშვეობით მოხდება. ამ დრომდე რაც ვნახე, ჩემი მოსაზრება ოდნავადაც არ შემიცვლია.“ თქვა გალსტონმა.

დონალდ ტრამპის ხმაურიანი პრეზიდენტობის მესამე წელს, ამერიკელები საკუთარ თავს ამზადებენ ისეთი პერსპექტივისთვის, როდესაც იმპიჩმენტის გარშემო პარტიული ნიშნით დაყოფილი ბრძოლაც იქნება და ალბათ უახლოეს ისტორიაში ყველაზე დაძაბული არჩევნებიც.

XS
SM
MD
LG