შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ნიუ-იორკის შტატის მცხოვრები აღარ არის.
ეს სიახლე პირველად „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გაავრცელა და ხუთშაბათ საღამოს, ტრამპმა „ტვიტების“ სერიით დაადასტურა, რომ ფლორიდის შტატის პალმ-ბიჩი, მისთვის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი იქნება.
ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა: „...იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ქალაქის , შტატის და ადგილობრივი გადასახადების სახით, ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ვიხდი, ქალაქ ნიუ-იორკის და ნიუ-იორკის შტატის პოლიტიკური ლიდერები ძალიან ცუდად მექცეოდნენ.“
ნათელი არ არის, თუ ტრამპმა ნიუ-იორკს გადასახადების სახით რამდენი გადაუხადა, რადგან ის საგადასახადო დეკლარაციის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.
როგორც ჩანდა, ნიუ-იორკის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს ტრამპის მისამართის შეცვლა არ ეწყინა. გუბერნატორმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „კარგია, რომ თავიდან მოვიცილეთ, როგორც ჩანს ბატონი ტრამპი აქ გადასახადებს მაინც არ იხდიდა. ფლორიდა - ის თქვენთვის გვიჩუქნია.“
ტრამპმა და მისმა მეუღლე მელანიამ, სექტემბერში, პალმ-ბიჩის საოლქო სასამართლოში ცალ-ცალკე შეავსეს „ძირითადი საცხოვრებელი ადგილის დეკლარაციები“, რათა საკუთარი მისამართი პალმ-ბიჩით შეეცვალათ, სადაც ტრამპის კუთვნილ მარ-ე-ლაგო კურორტია.
„ენ ბი სი“-ს ახალი ამბების თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ტრამპმა მარ-ე-ლაგოში 99 დღე გაატარა, ნიუ-ჯერსიში მდებარე საკუთარ გოლფის კლუბს 90 დღით სტუმრობდა და ნიუ-იორკში მდებარე „ტრამპ თაუერში“ მხოლოდ 20 დღე დაჰყო.
დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ ნიუ-იორკიდან ფლორიდაში გადასვლა, სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, ფლორიდის დაბალი გადასახადებით არის განპირობებული.
Facebook Forum