ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკის დედაქალაქში იმყოფება. ტრამპის თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა კოლუმბიის ოლქში, მას დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც კაპიტოლიუმის ბორცვზე, ასევე თეთრ სახლში, სადაც მას მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უმასპინძლებს.
1393 დღის შემდეგ დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდება თეთრ სახლში, რომელიც 2021 წლის 20 იანვარს დილით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. ტრამპსა და ბაიდენს შორის შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ხელისუფლების გადაბარების პროცესი იქნება.უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც ხელისუფლების გადაბარების პროცესზე იმუშავებენ.
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გასულ კვირას ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიწვია მაშინ, როცა ჯო ბაიდენმა ხელისუფლების შვიდობიანი გადაბარების პროცესზე ისაუბრა.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ერთად დღეს არ გამოჩნდება მელანია ტრამპი, შესაბამისად ჯილ ბაიდენსა და მელანია ტრამპს შორის შეხვედრა არ გაიმართება.
ბაიდენთან შეხვედრამდე ტრამპი ამერიკის კონგრესში რესპუბლიკელ კანონმდებლებს და პარტიულ ლიდერებს შეხვდება. ბოლოს, კაპიტოლიუმის ბორცვზე დონალდ ტრამპი 2024 წლის 13 ივნისს იმყოფებოდა, როცა ის პარტიულ ლიდერებს შეხვდა.
მანამდე, დონალდ ტრამპი ამერიკის დედაქალაქში იმყოფებოდა 2023 წლის 3 აგვისტოს, როცა ის ფედერალურ სასამართლოში მივიდა. ტრამპმა ამ დღეს სასამართლოსთან „ამერიკისთვის სევდიანი დღე“ უწოდა და აღნიშნა, რომ „არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს მოხდეს ამერიკაში“.
Facebook Forum