შეერთებული შტატების პრეზიდენტი იცავს მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის რეკლამირებას და განცხადებას, რომ თავადაც სვამს მას. დონალდ ტრამპმა კვირის დასაწყისში ჟურნალისტები დიდად გააოცა, როცა მოულოდნელად განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის პრევენციისთვის "ჰიდროქსიქლოროქინს" იღებს.
"ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა" - თქვა მან სამშაბათს და დასძინა, რომ წამალს ათწლეულებია იყენებენ და ის "დიდებული რეპუტაციით სარგებლობს". პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ის ახალ კორონავირუსზე ანალიზს სისტემატურად იღებს და პასუხი ნეგატიურია.
ჯერჯერობით არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ "ჰიდროქსიქლოროქინს" (პლაქვენილი) შეუძლია კოვიდ-19-ის პრევენცია, ან მისი მკურნალობა. წამალი, რომელიც მალარიის, ლუპუსის და რევმატოიდული ართრიტების სამკურნალო საშუალებად არის დამტკიცებული, ახლა კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის კლინიკურ ცდებს გადის.
ვეტერანთა ჯანდაცვის ადმინისტრაციის კვლევა საპირისპირო შედეგს აჩვენებს. "ჰიდროქსიქლოროქინი" არათუ არ შველის ახალ კორონავირუსს, არამედ მისი გამოყენება სიკვდილობის უფრო მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება.
ამ კვლევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ "ეს ტრამპის მტრების განცხადებაა". კვლევა ვეტერანთა ადმინისტრაციის მდივანმა რობერტ ვიკიმაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ის არ არის ჯერჯერობით კოლეგა ექსპერტების მიერ განხილული.
გასულ თვეში, შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ჰიდროქსიქლოროქინთან" დაკავშირებით, გაფრთხილება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გულზე შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, აღნიშნული პრეპარატი კოვიდ-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ საავადმყოფოში მიმდინარე კვლევების ფარგლებში უნდა დაინიშნოს.
ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ თქვა, რომ პრეზიდენტი არ უნდა იღებდეს დაუმტკიცებელ პრეპარატს, მითუმეტეს, რომ მას ჭარბი წონა აქვს. როცა პრეზიდენტ ტრამპს ჟურნალისტებმა პელოსის განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს, მან ჯერ თავი შეიკავა და თქვა: "მე მას არ ვპასუხობ. ვფიქრობ, რომ ის დროის კარგვაა". შემდეგ კი, ბრიფინგის დასასრულს, ტრამპმა დემოკრატ სპიკერს "ავადმყოფი ქალი" უწოდა. "პელოსი ავადმყოფი ქალია. მას უამრავი პრობლემა აქვს, უამრავი ფსიქიკური პრობლემა" - განაცხადა პრეზიდენტმა.
Facebook Forum