დღეს, შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა. გაფრთხილება ეხება ორ პრეპარატს "ჰიდროქსიქლოროქინი" ("პლაქვენილი") და "ქლოროქინი". ის ეხება როგორც საავადმყოფოებში მიმდინარე კლინიკურ კვლევებს, ასევე ამ პრეპარატების საავადმყოფოების გარეთ გამოყენებას.
განცხადებაში ნათქვამია: "ცნობილია ამ მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შესახებ, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოვუწოდებთ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ პაციენტებთან დაკავშირებით, ახლო დაკვირვების და მონიტორინგის საფუძველზე მიიღონ, რათა რისკების მინიმიზაცია მოხდეს. საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ რისკების მონიტორინგს და გამოძიებას".
გაფრთხილება მხოლოდ კოვიდ-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებით გაკეთდა და არ ეხება მალარიის, აუტოიმუნური დაავადებების და სხვა ტიპის მკურნალობას. განცხადების დეტალების დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
ორი დღით ადრე გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელშიც შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანო - ვეტერანთა ადმინისტრაციაც - იღებდა მონაწილეობას, აჩვენა, რომ ეს პრეპარატები არ აუმჯობესებს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მდგომარეობას. ამასთან, ის სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელთანაც კი შეიძლება ასოცირდებოდეს.
კვლევაში მეცნიერები კოვიდ-19-ით დაავადებულ 368 მამაკაც პაციენტს აკვირდებოდნენ. პაციენტების ერთ ნაწილს მკურნალობისთვის მხოლოდ "ჰიდროქსიქლოროქინს" აძლევდნენ, მეორე ნაწილს კი მას ანტიბიოტიკ "აზითრომიცინთან" კომბინაციაში ასმევდნენ. პირველ ჯგუფში პაციენტების 27% გარდაიცვალა, მეორეში - 22%. კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში, ვისაც არც "ჰიდროქსიქლოროქინი" მისცეს და არც სხვა რაიმე პრეპარატი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 11.4% იყო.
კვლევას გარკვეული ლიმიტები აქვს, ის არ იყო რანდომიზებული (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული) და პლაცებო-კონტროლირებული, რაც პრეპარატების ეფექტურობის დამადასტურებელ სამეცნიერო სტანდარტად ითვლება.
იმის გამო, რომ კოვიდ-19-ის მკურნალობის უკვე დამტკიცებული პრეპარატი არ არსებობს, "ჰიდროქსიქლოროქინის" (პლაქვენილი) და "ქლოროქინის" გამოყენების ნებართვა შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 29 მარტს, სწრაფი წესით, ე.წ. საგანგებო ავტორიზაციის საფუძველზე გასცა. ეს მედიკამენტები ამერიკაში უკვე დამტკიცებულია მალარიის, ზოგიერთი აუტოიმუნური და რამდენიმე სხვა დაავადების სამკურნალოდ. თუმცა, კოვიდ-19-ზე მათი ზემოქმედების დადებითი შედეგები ჯერჯერობით კლინიკური ცდებით დადასტურებული არ იყო.
საგანგებო ავტორიზაცია ამერიკაში მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით გაიცემა. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში განსაკუთრებული საფრთხეები იქმნება. საფრთხეები აღინიშნება აბრევიატურით "სი-ბი-არ-ენი" (CBRN) და იშიფრება როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული. კოვიდ-19-ის გამო ამერიკის ჯანდაცვისთვის შექმნილი საგანგებო ვითარებაც ამ ტიპის საფრთხედ ჩაითვალა.
საერთოდ, სამკურნალო პრეპარატების და დიაგნოსტიკური საშუალებების დამტკიცების ფორმალური პროცესი ამერიკაში ძალიან ხანგრძლივია. ის რამდენიმე ფორმალურ ეტაპს მოიცავს და რამდენიმე წელი ჭიანურდება. ამ პროცესს არეგულირებს აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია, რომელიც წჯანდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი რგოლია. ის უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საკვები პროდუქტების, მედიკამენტების, სხვა ბიოლოგიური პროდუქტების, თუ აცრების უსაფრთხოებას და მათ ეფექტურობას.
ამერიკის ბაზარზე მოხვედრამდე, ადამიანისთვის, თუ ვეტერინარული საჭიროებისთვის განსაზღვრულმა სამედიცინო და საკვებმა პროდუქტებმა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ შედგენილი პირობების მთელი წყება უნდა დააკმაყოფილოს. აქ შედის არამარტო საკვები პროდუქტები, სამკურნალო პრეპარატები, აცრები და აპარატურა, არამედ კოსმეტიკური საშუალებები და დიეტოლოგიური კვებითი დანამატებიც.
Facebook Forum