ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: კორონავირუსის გამო საგანგებო ვითარების გამოცხადება ნაადრევია


შეერთებულ შტატებში კორონავირუსით (კოვიდ-19) ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ პრეზიდენტი თვლის, რომ ჯანდაცვაში საგანგებო ვითარების გამოცხადება ჯერჯერობით ნაადრევია. "არ მგონია, ეს საჭირო იყოს, რადგან მართლა ვფიქრობ, რომ ჩვენ განსაკუთრებით კარგ ფორმაში ვართ" - თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. "ყველაფრისთვის მზად ვართ. და თუ საჭირო გახდა, ამის გაკეთება მომავალშიც ყოველთვის შეგვიძლია" - თქვა მან.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფიმას სახელით ცნობილი დეპარტამენტი - საგანგებო ვითარებათა მართვის ფედერალური სააგენტო - ამ ნაბიჯისთვის ემზადებოდა. ამ ტიპის დეკლარაციის შემთხვევაში, ფიმას გზა ეხსნება მეტი დაფინანსებისთვის და მეტი პერსონალის დაქირავებისთვის, რათა ვირუსთან გამკლავება უფრო ეფექტურად მოხდეს.

კორონავირუსის ინფექცია დღეს შეერთებული შტატების 100-მდე მოქალაქეს აქვს. 6 მსხვერპლი აღირიცხა ვაშინგტონის შტატში, სადაც ფიქრობენ რომ ვირუსი უფრო ადრე, დაახლოებით 6 კვირის წინ შეუმჩნევლად გავრცელდა.

ორშაბათს, პრეზიდენტი ტრამპი და კორონავირუსის საგანგებო ჯგუფის წევრები მსოფლიოს 10 უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანიის მმართველებს შეხვდნენ. მათ ყოველწლიურად ასობით მილიონი ვაქცინის გამოშვებაზე ისაუბრეს. "ეს დიდი გამოწვევაა" - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, თუმცა "ყველას პასუხი ძალიან კარგი იყო". შეხვედრას ესწრებოდნენ: "გლაქსო-სმით-კლაინის", "ფაიზერის", "ინოვოს" და სხვა ცნობილი ფარმაკო-გიგანტების ხელმძღვანელები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG