ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მოკავშირე სტივ ბენონი ბრალის წაყენების შემდეგ გამოძიების ბიუროს ჩაბარდა


სტივ ბენონი, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი და ძველი მოკავშირე, ორშაბათს ვაშინგტონში ფედერალურ ხელისუფლებას ჩაბარდა. ბენონს კონგრესის მიმართ კრიმინალური უპატივცემულობის ბრალი წაუყენეს.

საინფორმაციო ვიდეოში, რომელიც „ეფ ბი აი“-ს მთავარ ოფისთან მისვლის დროს ჩაიწერა, ბენონმა შენობაში შესვლისას კამერების წინ ილაპარაკა. სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რომ მან თავისი ჩაბარება ცოცხალი ვიდეო ნაკადით გამოაქვეყნა. „სი ენ ენ“-ის ცნობით, ბენონმა შენობაში შესვლის წინ ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ ბაიდენის რეჟიმს ვამხობთ“.

გასულ კვირაში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 67 წლის ბენონს კონგრესისადმი უპატივცემულობის ბრალი ორგზის წაუყენა იმის გამო, რომ არ დაემორჩილა წარმომადგენელთა პალატის განსაკუთრებული კომიტეტის მიერ გაცემულ, სავალდებულო გამოცხადების უწყებას. ეს კომიტეტი 6 იანვარს, აშშ-ს კაპიტოლიუმთან მომხდარ ამბოხებას იძიებს.

ბრალდების ერთი ნაწილი ეხება მის უარს, კომიტეტის წინაშე ჩვენების მისაცემად გამოცხადებულიყო, მეორე ნაწილი კი, კომიტეტის უწყების საპასუხოდ დოკუმენტების არ წარმოდგენას ეხება.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბენონს მინიმუმ 30 დღით და მაქსიმუმ ერთ წლამდე ციხე ემუქრება. მოსალოდნელია, რომ ის სასამართლოს წინაშე ორშაბათს, მოგვიანებით წარსდგება.

მთავარმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა თქვა, რომ ბრალის წაყენება აჩვენებს დეპარტამენტის „მტკიცე ვალდებულებას“ რომ კანონიერება უზრუნველყოს.

პარასკევს, თეთრი სახლის კანცელარიის ყოფილმა უფროსმა მარკ მიდოუმ, კომიტეტისგან მიღებული მსგავსი უწყების დამორჩილებაზე უარი განაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG