ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტი: ტრამპი დაგვანახებს თუ რა ძალა აქვს პრეზიდენტს


ვერავინ იტყვის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველმა 100-მა დღემ უხმაუროდ ჩაიარა. ტრამპის ადმინისტრაციამ მისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება პირველივე დღიდან დაიწყო.

მაგრამ ადმინისტრაციის მიერ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი ხმაურიანი კრიტიკის შემდეგ წარუმატებლად დასრულდა. თუმცა ასევე იყო დადებითი ნაბიჯებიც, რომლებსაც გავლენა არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე ექნება.

„ადმინისტრაციას საკითხების შესწავლა სწრაფად უწევს," განაცხადა ამერიკის კარიერულმა ელჩმა და ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა ჯონ ნეგროპონტემ "ამერიკის ხმასთან" კომენტარში. მან დასძინა, რომ 100 დღეზე დაყრდნობით რთულია პრეზიდენტის საქმიანობის განზოგადება და შეფასება.

ტრამპმა ეს მოულოდნელად გაიგო და ახლა თავს შეზღუდულად გრძნობს. მისი პრეზიდენტობა იმას დაგვანახებს, თუ ამ სტრუქტურაში სინამდვილეში რა ძალა აქვს ამერიკის პრეზიდენტს.
მანუელ მუნიცი

"პრეზიდენტი უკვე ბევრი ქვეყნის ლიდერს შეხვდა და ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დანიშნული - ნატოსთან, დიდ შვიდეულთან. ის, რაც შედარებით უჩვეულო ადმინისტრაციად დაიწყო, ახლა დადებითად იცვლება და უფრო ნორმალური ხდება ვიდრე დასაწყისში იყო," თქვა ნეგროპონტემ.

ყოფილი დიპლომატის თქმით, "ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რას აკეთებს პრეზიდენტი და არა იმას თუ რას ამბობს. საარჩევნო კამპანიის დროს ბევრი განცხადება გააკეთა, რომლებმაც მოკავშირეები შეაშინა. მაგრამ ახლა ჰყავს ძალიან ძლიერი ეროვნული უსაფრთხოებს გუნდი. მოკავშირეებზე შეხედულება შეიცვალა და მათ მხარდაჭერას დაპირდა.“

ელენ ტუშერს, რომელიც წარსულში დემოკრატიული პარტიის კონგრესმენი იყო, მიაჩნია, რომ ადმინისტრაციის ერთადერთი მიღწევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშნვა იყო.

მას ისეთი არასტაბილური ხასიათი აქვს, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ტვიტერის მესიჯით შეიძლება. ამასთან, მას პატიოსნებასთან და დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს.
ელენ ტუშერი

ცხრა მოსამართლიან სასამართლოში ერთი ადგილი შარშან თებერვლში მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც კონსერვატული შეხედულებების მქონე მოსამართლე ანტონინ სკალია მოულოდნელად გარდაიცცვალა. რესპუბლიკურმა კონგრესმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ნომინანტის კანდიდატურა არც კი განიხილა იმ მოლოდინით, რომ რესპუბლიკელებს არჩევნების შემდეგ ისევ კონსერვატორი მოსამართლის დამტკიცების საშუალება მიეცემოდათ.

ტუშერის თქმით, ნილ გორსაჩის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნვის გარდა, ადმინისტრაციამ მხოლოდ წარუმატებლობის დემონსტრირება გააკეთა.

„მათ არ აქვთ საკანონმდებლო დღის წესრიგი. ერთი პარტია აკონტროლებს მთელს მთავრობას - რესპუბლიკელები აკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატას და სენატს. მიუხედავად ამისა, ისინი ვერ იღებენ კანონპროექტებს," განაცხადა ტუშერმა.

ყოფილმა კონგრესმენმა შეშფოთება გამოთქვა პრეზიდენტის პერსონალურ მახასიათებლებთან დაკავშირებითაც.

"ვფიქრობ ამერიკელი ხალხი ასევე შეშფოთებულია პრეზიდენტის ხასიათით. მას ისეთი არასტაბილური ხასიათი აქვს, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ტვიტერის მესიჯით შეიძლება. ამასთან მას პატიოსნებასთან და დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს," დასძინა ტუშერმა.

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ტრამპს შიდა პოლიტიკაში დიდი ჩავარდნები ჰქონდა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ამერიკის საგარეო ურთიერთობები შეცვალა. "უოთერჰედის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის" დირექტორი მანუელ მუნიცი ამბობს, რომ ტრამპს „არ ჰყავს გუნდი. დღემდე 58 ადამიანის ნომინაცია აქვს გაკეთებული, როცა იგივე პერიოდის განმავლობაში ობამას 190 ადამიანი ჰყავდა წარდგენილი სხვადასხვა პოსტზე."

მუნიცი ამბობს, რომ ტრამპი გუნდს ძალიან ნელა ქმნის და ამას მის მიერ ქვეყნის მართვაზე უარყოფითი შედეგები აქვს. სწორედ არასაკმარის შტატს უკავშირებს მუნიცი იმას, რომ ტრამპს ბევრ საკითხზე არასწორი შეხედულება ჰქონდა. მისი თქმით, რუსეთთან პოლიტიკის შეცვლა ტრამპმა ახლახან დაიწყო და ისიც სირიაში მიმდინარე ომის გამო. ნატოს ჯერ მოძველებული უწოდა და შემდეგ მხარდაჭერის პირობა მისცა.

"მისი მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდება ამერიკის ტრადიციული საგარეო პოლიტიკისგან," თქვა მუნიცმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას. თუმცა, დასძინა, რომ მიუხედავად ზოგიერთი გაუთვლელი ნაბიჯისა და განცხადებისა, ტრამპი ქვეყანას ბოლომდე ვერ მართავს ისე, როგორც შესაძლოა თვითონ სურდეს.

"უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაში სახელმწიფო მართვის სტრუქტურა დიდია - მისი პარტია, კაბინეტი, კონგრესი, სასამართლო, მედია, საერთაშორისო ინსტიტუტები და სხვა. ტრამპმა ეს მოულოდნელად გაიგო და ახლა თავს შეზღუდულად გრძნობს. მისი პრეზიდენტობა იმას დაგვანახებს, თუ ამ სტრუქტურაში სინამდვილეში რა ძალა აქვს ამერიკის პრეზიდენტს,“ თქვა მუნიცმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG