ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბიუჯეტო ბატალიები: ამერიკის მთავრობა დახურვის საფრთხის წინაშეა


დაიხურება თუ არა შეერთებული შტატების მთავრობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში? ეს კითხვა ვაშინგტონში თანდათან უფრო აქტუალური ხდება.

კანონმდებლებს საბიუჯეტო საკითხებზე მოსალაპარაკებლად, პრაქტიკულად, 3 დღე რჩებათ რჩებათ. თუკი კონგრესი მთავრობის დაფინანსების თაობაზე პარასკევს, 28 აპრილს, ღამის 12 საათამდე ვერ შეთანხმდა, ამერიკის მთავრობას დაფინანსება შეუწყდება და მართლაც დახურვა ელის.

თუმცა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ოპტიმიზმს არ კარგავს. “მისი მიღებისთვის კარგი შანსი გვაქვს” - აცხადებს ის.

გადაწყვეტილების ბოლო მომენტში მიღება ფედერალური საკანომდებლო ორგანოსთვის უცხო ხილი არ არის. მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტა ბოლოს 2013 წელს მოხდა. კონგრესმა შეთანხმება ბოლო დღესაც ვერ შეძლო და მთავრობა 16 დღით დაიხურა. ეროვნული პარკებიც კი აღარ ფუნქციონირებდა.

სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, წელს მთავრობის საქმიანობის შეწყვეტა, შესაძლოა, ამერიკის ახალი პრეზიდენტის ოფისში შესვლიდან პირველ 100 დღეში მოხდეს. ბიუჯეტის მიღების ვადის გასვლის შემდეგ დილას, 29 აპრილს, 100 დღე სრულდება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა. მუშაობის შეფასების 100-დღიანი კრიტერიუმის ტრადიციას საფუძველი 1933 წელს, ე.წ. დიდი დეპრესიის ურთულეს პერიოდში, ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა.

დონალდ ტრამპისთვის 100-დღიანი გეგმის შესრულება და საბიუჯეტო ბრძოლის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე ხმაურიანი დაპირების - მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების დაფინანსება - იქნება. საუბარია 3, 200 კილომეტრი სიგრძის სასაზღვრო კედელზე.

“ჩვენ კედელს ვაშენებთ. სხვათა შორის, ეს [მშენებლობა] მალე დაიწყება, გაცილებით ადრე, ვიდრე იგეგმებოდა” - ამბობს პრეზიდენტი ტრამპი კედელზე, რომლის აგება მილიარდები დაჯდება. თუმცა, მისი აშენების აუცილებლობის დასაბუთება არამარტო დემოკრატი ოპონენტებისთვის, არამედ რესპუბლიკელ კანონმდებლებშიც სათუოა.

არც იმაშია ბოლომდე ვინმე დარწმუნებული, რომ კედლის აგება კონგრესის საბიუჯეტო განხილვებზე გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. არ არის გამორიცხული, რომ მისი დათმობა პრეზიდენტ ტრამპისთვის პირველი კომპრომისული ნაბიჯი იყოს.

თეთრი სახლი კონგრესში მოლაპარაკების დაწყებამდე საკმაოდ ფრთხილობდა. “არ ვაპირებ იმ თემებზე საუბრის დაწყებას, თუ სავარაუდოდ, რას იზამს პრეზიდენტი” - განაცხადა ორშაბათს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელებისთვის ჯანდაცვის რეფორმის გაუქმების მცდელობის ჩავარდნა, ჯერ კიდევ ღია, მოუშუშებელი ჭრილობაა. სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს ბიუჯეტის დამტკიცების პროცესზეც აისახება.

“პრეზიდენტ ტრამპის და მისი თეთრი სახლის შესახებ, კონგრესის წევრებისთვისაც კი, ბევრი რამ გაურკვეველი რჩება. პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონის “პროდუქტი” არ არის, ის არაა ადამიანი, რომელსაც კანონპროექტზე მუშაობის, შეთანხმების მიღწევის გამოცდილება აქვს. ასე რომ, ეს ყოველივე საბიუჯეტო ბატალიებზეც აირეკლება” - ამბობს მოლი რეინოლდსი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში, ვაშინგტონი საბიუჯეტო ბრძოლის ველად იქცევა. შემდეგი ეტაპი კონგრესში ჯანდაცვის რეფორმის განხილვის დაბრუნება იქნება, რომელზეც რესპუბლიკელებს ხელი ჯერ ბოლომდე არ ჩაუქნევიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG