ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიზალიბერალიზაცია - მონაპოვარი თუ პრობლემა


რამდენად ზრუნავს საქართველო საკუთარ მოქალაქეებზე, მათ კეთილდღეობასა და ღირსეული ცხოვრების პირობებზე? ეს კითხვა, ზოგიერთ შემთხვევაში, რიტორიკულდაც კი შეიძლება იყოს აღქმული. თუმცა რეალობა ისაა, რომ ადამიანების კეთილდღეობის აღქმა სტაბილურობისთვის, მათ შორის, პოლიტიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მოცემულობა კი დღეს ასეთია: ვიზალიბერალიზაციიდან თითქმის ერთი წლის თავზე ხელისუფლებიდან განსაკუთრებული მესიჯები ისმის იმის შესახებ, რომ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან არ უნდა იყოს გამოყენებული უკანონოდ. კამპანიას ამ შინაარსით ერთი წლის წინაც ვხედავდით. თუმცა ახლა, ევროკავშირში მიმოსვლის სტატისტიკა, კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა და სხვა დეტალები განიხილება, რომლებმაც საქართველო, შესაძლოა, ევროპის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებამდე მიიყვანოს.

ცხადია, ვინც არალეგალური სამუშაოსთვის უცხოეთში წასვლას ცდილობს, რისკავს, მაგრამ ამ რისკს სამუშაოს შოვნის გადაუდებელი აუცილებლობით ამართლებს. მეორეს მხრივ, ქვეყანაში ვხედავთ დემონსტრაციებს, რომლებიც უცხოელი მოქალაქეების დასაქმების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ქართული მარშის“ ტიპის ჯგუფები პერიოდულად მართავენ აქციებს და მოუწოდებელ მოქალაქეებს ხმა აიმაღლონ უცხოელების წინააღმდეგ, „რომლებიც ქართველებს სამსახურს ართმევენ“. ამგვარი აქცია იანვარში კასპშიც გაიმართა, სადაც ადგილობრივები „ჰაიდელბერგ ცემენტის“ მიერ ჩინეთის მოქალაქეების დასაქმებას აპროტესტებდნენ. აქციას „ქართული მარშის“ წარმომადგენლები შეუერთდნენ. მისმა ერთ–ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ეს პროტესტი მთელ საქართველოს მოედება.

მამისა ჯაფარაშვილმა, კოალიცია „სახალხო ტრიბუნების“ წარმომადგენელმა კი განცხადებები ეროვნული დაუმორჩილებლობის შესახებ გააკეთა და თქვა, რომ უცხოელები „საქართველოს გვართმევენ“. თუმცა ამაზე არ შეჩერდა და ტექსტის პოლიტიკური ნაწილი შემდეგნაირად გააგრძელა: „ან შეცვალონ კურსი და სისტემა დატოვონ, ან მისცენ ამის გაკეთების საშუალება, მათ, ვინც ქართულად გაუძღვება ქვეყანას“.

ადგილობრივები კასპში აცხადებდნენ, რომ ქარხნის მშენებლობისთვის ჩინეთიდან ჩამოჰყავთ მუშები მაშინ, როდესაც აქაური ახალგაზრდები უმუშევრები არიან.

გამორჩა თუ არა ხელისუფლებას გარკვეული დეტალები და დარჩა თუ არა ყურადღების მიღმა ზოგიერთი საკითხი, რომელთა გამოც საკუთარი მოქალაქეები დასაქმების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკასთან ამგვარ კონფლიქტში აღმოჩნდნენ.

"ამერიკის ხმასთან" ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ჩინელები ამ დებატებში ხშირად ფიგურირებენ. მისი თქმით, ეს იმიტომ, რომ "ჩინელებთან დავდეთ ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და გარკვეული ვალდებულებები ვიკისრეთ ამ ქვეყანასთან. მათ უფლება აქვთ დაასაქმონ ჩინელი მუშები. ეს საკმაოდ რთული საკითხია და კარგად არაა შესწავლილი. საიმიგრაციო პოლიტიკა ყველა ქვეყანას გააჩნია. გარკვეული უკმაყოფილება ჩვენთან არსებობს იმის შესახებ, რომ მიგრანტთა რიცხვი უკონტროლოდ იზრდება. ევროპის ყველა ქვეყანაში არსებობს რთული კანონმდებლობა დასაქმებასთან დაკავშირებით. მარტივი არაა მუშაობის უფლების მიღება, განსხვავებით საქართველოდან".

გოგოლაშვილის თქმით, ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის ისედაც მაღალი დონეა, ასეთი სახის ლიბერალიზაცია საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს, რაც, მისი აზრით, ალბათ, გაიზრდება. "მით უმეტეს, რომ საქართველოში განვითარების შიდა რესურსები მაინც ნაკლებია, ჩვენ მაინც ვუყურებთ უცხოური ინვესტიციების ხარჯზე განვითარების პერსპექტივას. ამ პროცესებს, შესაძლოა მოჰყვეს უკონტროლოდ მაღალი დონის შრომით მიგრაცია. როგორ უნდა მოახერხოს ქვეყანამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამ დროს შრომითი მიგრაციის რეგულირება – ამ საკითხს შესაბამისი ყურადღება არ ეთმობა".

ჯანსაღი დებატების არსებობა მიგრაციის შესახებ მნიშნველოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჩაანაცვლებს ისტერიული, ნახევრად ტყუილებზე დამყარებული კამპანია, რაც საზოგადოებაში პანიკას შემოიტანს. ამასთან საჭიროა პოლიტიკის ჩამოყალიბება ამ მიმართულებით, რაც მომავალში დაგვიცავს რეალური სარფრთხეებისგან, მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი. „საქართველო პატარა ქვეყანაა, დემოგრაფიული ხასიათის საფრთხეები არსებობს, ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა შემცირებისკენ მიდის, გარედან შემოდინება კი ლიბერალურია და ასევე ლიბერალურია შრომის დაშვება ბაზარზე. ის არ იზღუდება არც უცხოური და არც ადგილობრივი კომპანიებისთვის, ზოგადად, არავისთვის. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც მიგრაციის პრობლემა დგას, არ ხდება მარტივად საკითხების გადაწყვეტა. ევროპამ რომ გახსნას შრომითი ბაზარი და სრული ლიბერალიზაცია მოახდინოს, ალბათ, ერთ დეკადაში ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე სამუშაოს ვერ იშოვის, მათ ჩაანაცვლებენ მოზღვავებული მიგრანტები, რაც დიდ პრობლემას შექმნიდა. ამიტომ, ეს საკითხები კანონით უნდა რეგულირდებოდეს“.

პროფესორი ლადო პაპავა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამბობს, რომ ადამიანებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, მცდარი წარმოდგენა აქვთ. „ახლა ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაკი უვიზო რეჟიმია, წავლენ ევროპაში და დასაქმდებიან. ეს ამას არ ნიშნავს. ისინი ყველა არალეგალები იქნებიან და ახალ პრობლემას შეუქმნიან, როგორც საკუთარ თავს, ასევე ქვეყანას. რაც შეეხება ქვეყნის შიდა პრობლემას, აუცილებლად შემოსაღებია შესაბამისი რეგულაციები, რადგან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავს. ასეთი განცდა დღეს, სამწუხაროდ, არ არის იმ დონეზე, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ პროტესტის საფუძველი", თქვა პაპავამ.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ადვილად იშოვოს სწრაფი ფული. "სწრაფი ფულის შოვნა კი მხოლოდ მარტივი გზებით შეიძლება. ეს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას არ იწვევს. ხელისუფლებამ რომ სწრაფად იშოვოს ფული, ამისთვის რაც შეიძლება მეტი უცხოელი უნდა შემოვიდეს. უცხოელი რომ შემოდის, შემდგომ, შესაძლებელია, ის დარჩეს და დასაქმდეს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულაციების არსებობას. ბევრ ქვეყანაში, შეიძლება შეხვიდე, მაგრამ მუშაობას ვერ დაიწყებ. ჩვენს ქვეყანაშიც აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების მიღება. საქართველოს აქვს ევროკავშირისკენ ორიენტაცია, ამიტომ ამ სფეროშიც საჭიროა ევროპული ტიპის კანონმდებლობის შემოღება“.

ლადო პაპავა ამბობს, რომ აქ კანონმდებლობის გამკაცრებაზე არაა საუბარი, ეს არასწორი ტერმინია. რაღაც, შესაძლოა, გამკაცრდეს, რაღაც შერბილდეს, უნდა აეწყოს და მოწესრიგდეს სისტემა და შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულ სტანდარტთან. „ჩვენთან ისეა აღქმული, რომ თუ ამ თემაზე ვლაპარაკობთ, მაინცდამაინც კანონის გამკაცრებას ვგულისხმობთ და ვაი–თუ რამე ეწყინოს მის აღმატებულება – ბიზნესს, დაახლოებით ასეთი მიდგომაა. ამ დროს, ბიზნესი უნდა იყოს ქვეყნის სამსახურში, ხალხის სამსახურში, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის გათვალისწინებული“.

ნინო ევგენიძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი პრობლემის კომპლექსურობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის ცენტრში ის განათლების დეფიციტს ხედავს. „გასულ წელთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები არ ნიშნავს რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ყველაფერი კარგადაა. 4, 5 ან 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ვერ ცვლის სურათს საქართველოში მნიშვნელოვნად, განსაკუთრებით იმ სტრუქტურული პრობლემებისა და წინაღობების ფონზე, რაც სახეზე გვაქვს. ეს პრობლემები დაკავშირებულია განათლების, უმუშევრობის, ჯანდაცვის, ზოგადად, სექტორულ რეფორმებთან. რეფორმები დაიწყო წინა ხელისუფლების პირობებშიც, მაგრამ ვერ დასულდა. ეს სტაგნაცია და ახალი სამუშაო ადგილების არარსებობა დაკავშირებული განათლების განუხორციელებელ რეფორმასთან, ეკონომიკური პოლიტიკის დაუგეგმავობასთან და არათანმიმდევრულობასთან“, თქვა ევგენიძემ.

სახეზეა ორმაგი თავის ტკივილი მიგრაციისგან: ერთის მხრივ, საქართველოს მოქალაქეების მზარდი სწრაფვა დასავლეთისკენ სამუშაოს საშოვნელად, მეორეს მხრივ შრომითი მიგრაციის ზრდა საქართველოში სხვა ქვეყნებიდან, რომელიც შესაბამისი რეგულაციის მიღმაა დარჩენილი.

მოქალაქეების დაცვა და მათთვის შრომისა და განვითარების ღირსეული პირობების უზრუნველყოფა ისე, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია, შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუმცა ეს მართლაც, კომპლექსური საკითხია და პარალელურ რეჟიმში ეკონომიკისა და განათლების პოლიტიკის სინქრონიზაციას მოითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG