ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლი ღაზის სექტორში: დაღუპულები ორივე მხარეს არიან


ღაზის სექტორზე ისრაელის არმიამ მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური განცხადებით, ეს იყო პასუხი 370 რაკეტაზე, რომელიც პალესტინელთა მხრიდან ისროლეს.

"ჰამასს მომხდარზე პასუხისგება მოუწევს" - აცხადებს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო. ჩვენი საბრძოლო თვითმფრინავების სამიზნე "იყო ჰამასი და პალესტინელი ისლამისტი ჯიჰადისტი ტერორისტები მთელ ღაზაში" - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის მხრიდან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, განადგურდა ჰამასის "ალ-აქსას" ტელევიზიის ოფისი. თანამშრომლები ისრაელმა წინასწარ გააფრთხილა და ისინი დაბომბვის მომენტში უკვე ევაკუირებულები იყვნენ.

ორშაბათს შუადღეზე დაწყებულ მორიგ დაპირისპირებაში, სულ ცოტა, 4 ადამიანი დაიღუპა. ერთი - ისრაელის მხარეს, სამი კი პალესტინელებს შორის. არიან დაჭრილებიც.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის გმობს ჰამასის მიერ განხორციელებულ ძალადობას. "ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ ამ შეტევებისგან თავის დაცვის საქმეში" - დაწერა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ამერიკის ელჩმა ჯეისონ გრინბლატმა. "ასეთი ძალადობა ხელს უშლის ღაზაში მცხოვრები ხალხის რეალურ დახმარებას" - აცხადებს ის.

გაეროს დესპანი ახლო აღმოსავლეთის საქმეებში ნიკოლაი მლადენოვი ძალადობის ესკალაციას "განსაკუთრებით საშიშად" თვლის. მისი განცხადებაც "ტვიტერზე" გავრცელდა. მლადენოვი ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG