ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასობით დემონსტრანტმა კლიმატის ცვლილების გამო ქმედითი ნაბიჯები მოითხოვა


ბრიუსელში კვირას ათასობით აქტივისტი ქუჩაში გამოვიდა. გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ფორმებში გამოწყობილმა დემონსტრანტებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების ქმედითი ნაბიჯები მოითხოვეს. სულ ცოტა ხანში გლაზგოში გაეროს კლიმატის სამიტი გაიმართება.

საპროტესტო აქციაში ათასობით მოქალაქე და 80 ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. ევროკავშირის დედაქალაქში პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე დიდი დემონსტრაცია იყო. მანამდე კი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამოსვლები თითქმის ყოველკვირა იმართებოდა.

ქალაქის ქუჩებში ამჯერად მოქალაქეები ველოსიპედებით, ბავშვებით და ხანდაზმული ოჯახის წევრების თანხლებით გამოჩნდნენ. მათი საპროტესტო ბანერები რამდენიმე ენაზე, ინგლისურად, ფრანგულად და ჰოლადიურად იყო დაწერილი. ზოგი პოლარული დათვის ფიგურით იყო მისული, ზოგიც სხვა ცხოველის ფორმით და ფიგურით, რომელთაც კლიმატის ცვლილების გამო საფრთხე ემუქრებათ.

მეცნიერების მტკიცებით, ეჭვი თითქმის არ არსებობს იმის შესახებ, რომ სათბური გაზები კლიმატის ცვლილებას და ექსტრემალურ ამინდს იწვევს. ეს კი ხშირად ისეთი განსხვავებული ბუნებრივი კატასტროფების მიზეზი ხდება, როგორიცაა ხანძრები, გვალვა, წყალდიდობა და ა.შ. ამ ზაფხულს მსგავსი მოვლენები მსოფლიოს არაერთ ნაწილში დაფიქსირდა.

გარემოსდამცველები შიშობენ, რომ გაეროს 26-ე კონფერენცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც 31 ოქტომბერს გლაზგოში უნდა გაიმართოს, კვლავ ისეთ პოლიტიკას დაამტკიცებს, რაც არასაკმარისი იქნება მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად და კლიმატის ცვლილების შესანელებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG