ამერიკის შეერთებული შტატები სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს გაავრცელა.
„არჩევნები არის დემოკრატიის საფუძველი და ამ განწყობით ჩვენ ვეთანხმებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმოება.“ - ნათქვამია განცხადებაში.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმოება, ამასთან აშშ იზიარებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეშფოთებას სახელმწიფო რესურსების ერთი მხარის სასარგებლოდ არასათანადოდ გამოყენების შესახებ"აშშ-ს საელჩო საქართველოში
ამასთან, აშშ იზიარებს „სხვა ხარვეზებთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეშფოთებას სახელმწიფო რესურსების „ერთი მხარის სასარგებლოდ არასათანადოდ გამოყენების შესახებ“ და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას - "აღმოფხვრას ეუთოს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ აღნიშნული ხარვეზები“.
„შეერთებული შტატები და საქართველო არიან და იქნებიან ძლიერი პარტნიორები. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიას, კეთილდღეობას, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხარს ვუჭერთ საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და მზად ვართ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიმუშაოთ ამ ქვეყნის წარმატებისთვის“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
29 ნოემბერს საქართველოში, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების საბოლოო „შეფასებებს ცესკოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები გამოქვეყნების შემდეგ“ გააკეთებდა. მოგვიანებით, "ამერიკის ხმამ" გაავრცელა ცნობა სახელმწიფო დეპარტამენტიდან, რომ "აშშ ელის საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობას".
დღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა და ხაზი გაუსვა, რომ "დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ასევე დამარცხებასაც" და "ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ ქვეყნაზე და ასევე ზრუნავენ თავიანთი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს"
აშშ-მდე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ლიტვის, საფრანგეთის, უკრაინისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა. „მსურს დაგარწმუნოთ საფრანგეთის სრულ მზადყოფნაში, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად“, – წერია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მილოცვაში.
დღეს, ზურაბიშვილს გამარჯვება ასევე მიულოცეს, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანმა, აზერბაიჯანის, ბელარუსის და სომხეთის ლიდერებმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაეროს გენერალური ანსამბლეის პრეზიდენტმა, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.
„ვულოცავ ქართველ ხალხს იმ არჩევნებს, რომელიც შეფასებული იყო, როგორც თავისუფალი და კონკურენტუნარიანი. მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სათამაშო მოედანი ყველა კანდიდატისთვის მომავალში. მოუთმენლად ველოდები საქართველოს ხელმძღვანელობასთან მალე შეხვედრას და ერთად მუშაობის გაგრძელებას“ - წერს აპატურაი ფეისბუქში.
მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სათამაშო მოედანი ყველა კანდიდატისთვის მომავალში"ჯეიმს აპატურაი, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
ზურაბიშვილისთვის გამარჯვება არ მიულოცია რუსეთის ფედერაციას. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლმა ცნობად მიიღო ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ზურაბიშვილის გამარჯვების თაობაზე და "დაელოდება პირველ განცხადებებს და შეფასებებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, კი „ზურაბიშვილი ადრე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ბუნებრივია ამ რანგში ის კარგად არის ცნობილი". ჩვენ იმ პოზიციას ვიზიარებთ, რომელიც საქართველოს მიმართ კარგად არის ცნობილი. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა.“ - თქვა ზახაროვამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რომელიც ყველა უბნის შედეგებს ეყრდნობა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს ჩატრდა, ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 627 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციისა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 40.48 % ( 780 633 ხმა).
Facebook Forum