ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავლაბარი თუ ათონელი: რომელ სასახლეში შევა ახალი პრეზიდენტი?


საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მომავალი გაურკვეველია
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მომავალი გაურკვეველია

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ეყოლება თუ არა საკუთარი კანდიდატი, თუ მხარს ყოფილ საგარეო მინისტრ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლეს ფუნქცია შეუცვალოს.

„ყველა სახელისუფლებო შტოს, მათ შორის საპრეზიდენტო ინსტიტუტის შენახვა, გადასახადის გადამხდელებს მინიმალური უნდა უჯდებოდეს“ - ეს განცხადება პრემიერ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის, რომლის აზრით, მომავალი პრეზიდენტი ათონელის ქუჩის 25 ნომერში მდებარე რეზიდენციით უნდა დაკმაყოფილდეს.

ათონელის რეზიდენცია
ათონელის რეზიდენცია

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სწორედ ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში უნდა შესულიყო.

თუმცა, მარგველაშვილი, რომელიც 2014 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დროებით სახელმწიფო კანცელარიის 13-ე სართულზე იჯდა, მოულოდნელად ავლაბრის სასახლეში გადავიდა. ეს ნაბიჯი ივანიშვილ-მარგველაშვილს შორის არსებული მწვავე კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა.

2015 წლიდან უფუნქციოდ დარჩენილი ათონელის რეზიდენციის რესტავრაცია სახელმწიფო ბიუჯეტს 26 მილიონი ლარი დაუჯდა. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლე საპრეზიდენტო რეზიდენციად არ ივარგებს:

არ მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტის შენახვის ხარჯი იყოს ჩვენი მთავარი პრობლემა, ჩვენი მთავარი პრობლემაა 3000 ლარიანი საჩუქრის ჩასატანად შვეულმფრენზე 200 ათასს ლარს რომ ხარჯავენ"
ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი

„ავლაბრის სასახლე ბევრად უფრო დიდია, ვიდრე იყო საჭირო, ანუ სააკაშვილი როცა იყო და საქართველოს პრეზიდენტი რომ იყო უფლებამოსილებიანი, იმასაც არ უნდა ჰქონოდა თეთრ სახლზე ბევრად დიდი შენობა. ეს თავიდანვე სისულელე იყო, ის მეგალომანიით იყო შეპყრობილი.

რაც შეეხება ამის გამოსწორებას..მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ავლაბრის რეზიდენცია გაიყიდოს, კერძო ხელში აღმოჩნდეს, სასტუმროდ გადაკეთდეს და ა.შ, სახელმწიფომ ააშენა და სახელმწიფოს უნდა დარჩეს. არა მგონია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზარდოს იმით, რომ დიდ ოთახში ზის..

რაც შეეხება ორბელიანის სასახლეს, ის უბრალოდ პრეზიდენტის სასახლედ არ ვარგა. უამრავი არგუმენტია, იქ ვერ ეტევა ბევრი რამ, შეწყალების კომისიაც ვერ დაეტევა ანუ ვერ გააკეთეს. ალტერნატივა პრინციპში არ აქვს პრეზიდენტს. რა უფლებამოსილებისაც არ უნდა იყოს მაინც ავლაბრის რეზიდენციაში შევა, იმიტომ რომ სხვაგან ვერ აღასრულებს იმ უფლებამოსილებასაც კი, რაც აქვს - ამბობს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის სასახლეზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:31 0:00

რესპუბლიკელთა ლიდერს არ ჰგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტის შენახვის ხარჯი ჩვენი მთავარი პრობლემაა. "ჩვენი მთავარი პრობლემაა 3000 ლარიანი საჩუქრის ჩასატანად შვეულმფრენზე 200 ათასს ლარს რომ ხარჯავენ. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება არის უპასუხისმგებლო და ვიღაცა მინისტრი, რომელსაც რაიონებთან არანაირი შეხება არ აქვს, 200 ათასს ლარიანი მანქანით გადაადგილდება. ეს არის ჩვენი პრობლემა და არა ის, რომ პრეზიდენტის სასახლის შენახვა, გათბობა და განათება თურმე ძვირი ჯდება.“

ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩის 1 ნომერში მდებარე რეზიდენცია 5 წლის მანძილზე შენდებოდა და ის 2009 წელს პოპეზურად გაიხსნა. ზუსტად რა თანხა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს უზარმაზარი კომპლექსი უცნობია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წელს ბრძანა, რომ „სასახლის აშენება დაჯდა, დაახლოებით, პროცენტის მეხუთედზე ნაკლები მთელი საბიუჯეტო ხარჯების, რომელიც გაწია ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში.“

საქართველოს ბიუჯეტს ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ყოველწლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 2,5 მილიონი ლარი უჯდება, აქედან ყველაზე მეტი, მილიონი ლარის ფარგლებში, კომუნალურ ხარჯებზე (ელექტროენერგია, გაზი, წყალი) მიდის, სასახლის დაცვაზე კი 800 000 ლარამდე იხარჯება.

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღემდე მმართველი პარტიის მხარდაჭერის მოლოდინშია ამბობს, რომ ავლაბრის სასახლეში არ შევა, თუმცა რეზიდენცია სახელმწიფოს უნდა დარჩეს და არ გაიყიდოს:

თუ ამირჩიეს ათონელის რეზიდენციაში ვიქნები, ჩემს სახლში ვიცხოვრებ და იქედან ვივლი სამსახურში"
სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო კანდიდატი

"ავლაბრის სასახლე სახელმწიფოს სიმბოლოა და მისი გაყიდვა არ შეიძლება, იქ უნდა შევიდეს ან პრემიერი, ან საგარეო მინისტრი ან უნდა გახდეს უცხოელი სტუმრების მიღების ადგილი, პრეზიდენტი იქ არ უნდა იყოს. თუ ამირჩიეს, ათონელის რეზიდენციაში ვიქნები, ჩემს სახლში ვიცხოვრებ და სამსახურში იქედან ვივლი.“

ბოლო ერთი წელია, თბილისის მერია ორბელიანის მოედნის და მშრალი ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში ათონელის ქუჩის რეკონსტრუქციასაც ახორციელებს, ეს სამუშაოები, რომლებიც 52 მილიონი ლარი ჯდება, სწორედ 2018 წლის ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.

ათონელის რეზიდენციის ერთ-ერთი დარბაზი
ათონელის რეზიდენციის ერთ-ერთი დარბაზი

ბოლო მონაცემებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობის მიღების სურვილი 27 მოქალაქემ გამოთქვა. საარჩევნო კანონმდებლობით მიხედვით, თითოეულმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75% ანუ არანაკლებ 25 923 ხელმოწერა უნდა წარადგინონ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებად ოფიციალურად დარეგისტრირდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG