ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ ქალი პრეზიდენტად პირველად აირჩია


ზურაბიშვილი იგებს, ვაშაძე (ჯერ) არ ულოცავს
ზურაბიშვილი იგებს, ვაშაძე (ჯერ) არ ულოცავს

თბილისი- 02:00, 29/11/2018 - სალომე ზურაბიშვილი საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) მონაცემებით, 3705 საარჩევნო უბნიდან 3694-ის გადათვლის შემდეგ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ფავორიტ სალომე ზურაბიშვილს მილიონ 147 ათასი ხმა აქვს (59%), მისი კონკურენტს, გაერთიანებული ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 780 ათასი (41%), ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება.

პირველ ტურთან შედარებით სალომე ზურაბიშვილმა დამატებით ნახევარ მილიონზე მეტი ხმა (532 600) მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ მხოლოდ 180 ათასი ხმით მეტი.

სალომე ზურაბიშვილი ოჯახთან ერთად გამარჯვებას ზეიმობს
სალომე ზურაბიშვილი ოჯახთან ერთად გამარჯვებას ზეიმობს

ცსკ-ოს ინფორმაციით, საპრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურში 1 975 845-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რაც საერთო რაოდენობის 56,23 %-ია.

ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ ტურთან შედარებით მოქალაქეთა აქტივობა თითქმის 10% გაიზარდა. შედარებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში საარჩევნო უბნებთან 1 637 956 ადამიანი (46,74%) მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურის შედეგების კომენტარისას კერძოდ აღნიშნა:

ვიქნები ყველას პრეზიდენტი, ეს არის ჩემი მთავარი დაპირება. ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ და ყველა წყენას დავივიწყებ. უნდა მოვნახო გზა ოპოზიციასთანაც სათანამშრომლოდ"
სალომე ზურაბიშვილი, საქართთველოს ახალი პრეზიდენტი

„ვიქნები ყველას პრეზიდენტი, ეს არის ჩემი მთავარი დაპირება. ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ და ყველა წყენას დავივიწყებ. უნდა მოვნახო გზა ოპოზიციასთანაც სათანამშრომლოდ, მოვიფიქრებ რამეს, მენდეთ!“

მიუხედავად იმისა, რომ ცსკო-ს წინასწარი შედეგებით, ისევე, როგორც ამერიკული Edison Research-ის და ბულგარული Gallup International-ის მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით გრიგოლ ვაშაძე არჩევნებში მარცხდება, გაერთიანებულ ოპოზიციაში, საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებამდე, სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მილოცვას არ ჩქარობენ.

29 ნოემბერს, 18:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მხარდამჭერებს შეხვდება და სავარაუდოდ, სწორედ იქ გადაწყდება აღიარებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას.

გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიციას არჩევნების შედეგების არაღიარებისა და "მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ" უკვე მოუწოდა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს. სააკაშვილი სამშობლოში ორ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულია, კიდევ ორ საქმეზე კი ბრალი აქვს წარდგენილი. გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

ის რაც გაერთიანებულ ოპოზიციაში კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა, ჩვენი შტაბიდან და ტრიბუნიდან არ გაცხადებულა, ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად რჩება
გრიგილ ვაშაძე, ოპოზიციის ლიდერი

„ის რაც გაერთიანებულ ოპოზიციაში კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა, ჩვენი შტაბიდან და ტრიბუნიდან არ გაცხადებულა, ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად რჩება.

მეორეს მხრივ, იმ ტოტალური ძალადობის პირობებში, რა ფონზეც ჩაიარა არჩევნების მეორე ტურმა, ამას საერთოდ შეიძლება ვუწოდოთ თუ არა არჩევნები არ ვიცი, ამიტომ შევხდებით ჩვენს მხარდამჭერებს და ერთად დავსახავთ გეგმას როგორ გავაგრძელოთ ბრძოლა.“

საქართველოს ისტორიაშია ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა მეორე ტურის მეშვეობით პირველად მოხდა. მეორე ტურის დანიშნვა, მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ხმების 50%-ზე მეტი, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა 38.64%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 37.74% მიიღო. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მე-5 პრეზიდენტი იქნება, რომელიც პირდაპირი არჩევნების გზით ამ თანამდებობაზე ბოლოჯერ, ხოლო 6 წლის ვადით პირველად აირჩიეს.

საქართველოს პრეზიდენტები 1991-2018

ზვიად გამსახურდია 1991-92 (დაამხეს სამხედრო პუტჩის გზით)

ედუარდ შევარდნაძე 1995-2003 (გადადგა „ვარდების რევოლოციის“ შემდეგ)

მიხეილ სააკაშვილი 2004-2013

გიორგი მარგველაშვილი 2013-2018

სალომე ზურაბიშვილი 2018-დან

Facebook Forum

XS
SM
MD
LG