ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სავარაუდოდ, მომდევნო დღეები უარესი იქნება“ - სტოლტენბერგი


ბრიუსელში ამ წუთებში ნატოს მინისტერიალი იმართება, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნები ევროპაში შექმნილ ვითარებაზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მსჯელობენ.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წევრი ქვეყნები თანხმებიან, რომ ნატოს სამხედრო თვითმფრინავები და ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე არ უნდა შევიდეს, აქვე სტოლტენბერგი ამბობს, რომ მომდევნო დღეები გაცილებით რთული შეიძლება იყოს, ვიდრე ბოლო ერთი კვირა.

„მომავალი დღეები სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილი, ტანჯვა, ნგრევა,“- თქვა სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნატო ყველაფერს აკეთებს რათა შეინარჩუნოს პროცესების დიპლომატიურად გადაწყვეტის შანსები.

იენს სტოლტენბერგის თქმით რუსეთი უკრაინაში კასეტურ ბომბებს იყენებს რაც დაუშვებელია.

„ჩვენ ვნახეთ კასეტური ბომბების გამოყენების რამდენიმე შემთხვევა, ასევე მივიღეთ სხვა ამ ტიპის იარაღის გამოყენების შესახებ შეტყობინებები, ეს არღვევს საერთაშორისო წესებს,“- თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია და ისეთი მოცემულობა შექმნა, რაც კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.

„ რუსეთმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობა დაარღვია. ეს ისეთი მასშტაბის ომია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. რუსულმა აგრესიამ შექმნა ახალი რეალობა ევროპის უსაფრთხოებაში. სადაც ის ფუნდამენტურ პრინციპებს წინააღმდეგობას უწევს ძალის გამოყენებით. ყოვლისმომცველი კონფლიქტის საფრთხე რეალურია. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გვერდით,“- თქვა სტოლტენბერგმა.

აქვე ნატოს გენერალურმა მდივანმა ვლადიმირ პუტინს მიმართა შეაჩეროს ომი უკრაინაში.

„მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიაში,“- თქვა სტოლტენბერგმა

ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ორგანიზაცია „არ ცდილობს კონფლიქტს რუსეთთან“, თუმცა მისი თქმით, ნატო მზად არის დაიცვას საკუთარი ტერიტორიები შესაძლო საფრთხეებისგან.

„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ერთგულება მეხუთე მუხლისა და ვაშინგტონში გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ ურყევია ისე, როგორც რკინა. ნატო დაიცავს საკუთარი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტს,“- თქვა სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში ამ დროისთვის ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გრძელდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG