რუსეთი უკრაინის სიღრმეში შესვლას ცდილობს, გრძელდება უკრაინული ქალაქების დაბომბვაც. რუსული ავიაცია დასახლებულ პუნქტებს ბომბავს, რასაც ასობით უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის მცირეწლოვნების.
კიევში რჩება უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობის სრული შემადგენლობა, კიევის მისადგომებთან კი შეტაკებები გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი არაერთხელ დაბომბა. კიევში დღის განმავლობაში დამატებითი ბარიკადები ააშენეს, რომლებიც დედაქალაქში რუსული არმიის შეჭრის შემთხვევაში, ჯავშანტრანსპორტიორების მოძრაობას ხელს შეუშლის.
კიევის მერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რთული ვითარებაა. „ვითარება რთულია, თუმცა კონტროლქვეშ,“- ამბობს ვიტალი კლიჩკო და ამატებს, რომ გასული ღამის განმავლობაში ავიაიერიშებს დედაქალაქში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კიევის მეტროს ამ დრომდე თავს აფარებს ათასობით უკაინელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის მეტროში ჩამსვლელებს საბუთებს უმოწმებენ, რათა რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონდეს და იქ „დივერსანტთა ჯგუფებმა“ შეღწევა ვერ მოახერხონ.
Facebook Forum