ევროკავშირი ბელარუსის ბანკების გლობალური ელექტრონული გადახდების შეტყობინების სისტემიდან - "სვიფტი" (SWIFT-) გარიცხვას განიხილავს. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, იგივე გადაწყვეტილება რუსული ბანკების შემთხვევაში უკვე მიიღო.
ინფორმაციას, „სვიფტიდან“ ბელარუსის შესაძლო გათიშვის შესახებ, სააგენტო „როიტერი“ ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ასევე ვუყურებთ ბელარუსის ფინანსური სექტორისთვის ეკვივალენტების მომზადებას, მაგრამ ვიცით, რომ "სვიფტი" არ არის იმდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბელორუსის ეკონომიკაში, როგორც ეს არის რუსეთის მხარეს“ - აცხადებს „როიტერთან“ საუბრისას, ევროკავშირის ოფიციალური პირი, რომელიც ანონიმურობის შენარჩუნებას არჩევს.
"სვიფტი" დაცული კომუნიკაციების პლატფორმაა, რომელსაც ბანკები, საბროკერო ფირმები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ინფორმაციის გასაგზავნად და მისაღებად იყენებენ, როგორიცაა საზღვარგარეთ ფულის გაგზავნა ან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გადახდები.
პლატფორმის მიერ ინსტრუქციებისთვის სტანდარტიზებული კოდების გამოყენება, ბანკებს გადახდების სწრაფად და საიმედოდ გაფორმების საშუალებას აძლევს.
"სვიფტს" 200-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 ათასი ფინანსური ინსტიტუტი იყენებს. პლატფორმას წელიწადში 10 მილიარდზე მეტი შეტყობინების დამუშავება შეუძლია და ქვეყნებს შორის ტრილიონობით დოლარის მოცულობის გადახდებს შუამავლობს.
ამ პლატფორმის შექმნამდე, როდესაც ბანკებს ფინანსური ინფორმაციის გადაცემა სურდათ, ისინი ტელეგრაფის წრედებზე დაფუძნებულ სისტემა „ტელექსს“ (telex) იყენებდნენ, რომელიც ნელი, მოუქნელი და დაუცველი იყო. ამიტომ, 1973 წელს შეიქმნა "სვიფტი" რომელსაც ტრანზაქციების ხუთ წუთზე ნაკლებ დროში შესრულება და ოპერაციების საწყისი წერტილიდან ბოლო წერტილამდე თვალყურის მიდევნება შეუძლია.