ჰაიტიში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაძაბულობა იზრდება. მიზეზი ჰუმანიტარული დახმარებაა, რომელსაც ათასობით ადამიანი ელოდება. გასულ ღამეს ქალაქ კაიესის აეროპორტში სროლის ხმა ისმოდა. ათასობით ადამიანი აეროპორტში ჩამოსული დახმარების მიღებას ცდილობდა, რა დროსაც უსაფრთხოების თანამშრომლებმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს.
დახმარების მოლოდინში მყოფმა ადამიანებმა რამდენიმე აქცია გამართეს, მათ დაიკავეს ნანგრევებად ქცეული შენობები და იქიდან ითხოვდნენ დროებით თავშესაფარს და ჰუმანიტარულ დახმარებას. სახლ-კარის, საკვებისა და პირადი ნივთების გარეშე დარჩენილი ხალხი დახმარებას უკვე დღეებია ელოდება.
გარდა საკვებისა, ქვეყანაში პრობლემურად მუშაობს პირველადი ჯანდაცვაც. ადგილზე მყოფი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ მძიმედ დაზარალებულ რაიონებში არსებული სავადმყოფოები ძირითადად ქმედუუნაროა, მთავრობას კი დანგრეული გზების გამო ადგილზე მისვლა ჯერ კიდევ უჭირს.
7.2 ბალის სიმძლავრის მიწისძვრამ 7 ათასზე მეტი სახლი დაანგრია და 12 000-ზე მეტი დააზიანა. 30 000 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. „ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა მიიღოს რაღაც,“- ამბობს კარვების ქალაქის მკვიდრი ვლადიმირ მარტინო რომელიც საკვების განაწილების პროცესშია ჩართული.
ქვეყნის პრემიერის ყურადღება ქვეყანაში არეულობის პრევენციაზეა კონცენტრირებული. არიელ ჰენრის არ სურს ჰაიტიში პროცესები 2010 წლის მსგავსად წარიმართოს. მაშინაც ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში ქაოსი დაიწყო. მაშინ მოსალხეობა მთავრობას ფულის მოპარვაში ადანაშაულებდა.
ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს მიერ ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ჰაიტში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 2 189-მდე გაიზარდა, 12 000-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. ათობით ადამიანის ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ჰაიტის მიწისძვრიდან პირველივე დღეებში დახმარებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ადამიანური რესურსით ასევე ჰუმანიტარული დახმარებით. ჰაიტიში მუშაობენ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები და ისინი ასევე დახმარებას უწევენ ქვეყნის მთავრობას რათა დროულად მოხდეს დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა.
Facebook Forum