ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ამერიკაში სწავლების ახალ ფორმას ეჩვევიან


ამერიკის შეერთებული შტატების უმეტეს ნაწილში მოსწავლეებმა სწავლა უკვე დაიწყეს. შტატების და ქალაქების მიხედვით, სიტუაცია ყველგან განსხვავებულია. მაშინ, როდესაც სკოლების ნაწილი სრულად ონლაინ სწავლებაზეა გადასული, ნაწილი ბავშების სკოლაში ფიზიკურად დაბრუნებაზე ფიქრობს.

სიტუაცია ჯერ გაურკვეველია და ეს დაბნეულობას იწვევს როგორც ბავშვებში, ისე მათ მშობლებსა და მასწავლებლებში. თავის მხრივ, ასეთი გაურკვევლობა სასწავლო პროცესსაც აფერხებს.

ნიუ-ორლეანში სწავლა გასულ თვეს დაიწყო და იქ სავალდებულოა, რომ სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდეს.

მას შემდეგ, რაც სპეციალური პროგრამები შეიქმნა, მასწავლებლები და მოსწავლეები ნელ-ნელა სიტუაციას შეეგუენ და ადაპტაცია დაიწყეს, გაიგეს, რომ შესაძლოა ცვლილებები კვლავ ელოდეთ წინ. ასე მოხდა მეოთხე და მეხუთე კლასების მასწავლებლის, ლორენ ჯუვიტის შემთხვევაში.

"ერთი თვის შემდეგ, იმის მერე, რაც მივეჩვიე ამ ვირტუალური სწავლების რიტმს, მითხრეს, რომ ჩემი მოსწავლეების ნაწილი, შესაძლოა სკოლაში დაბრუნდეს თვის ბოლოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავიდან დამჭირდება სწავლა და იმის გარკვევა, თუ როგორ ვასწავლო კლასს, რომელიც ნაწილობრივ ვირტუალურად, ნაწილობრივ კი ფიზიკურად იქნება სკოლაში. რა თქმა უნდა, სასწავლო მასალა იგივეა, თუმცა ჩემგან სრულიად განსხვავებულ უნარებს მოითხოვს", ამბობს მასწავლებელი.

ადაპტაცია სჭირდებათ მშობლებსაც, განსაკუთრებით მათ, ვისაც სახლში ერთზე მეტი შვილი ჰყავს. მათ უნდა გამოუყონ სივრცე, სადაც ისე დაესწრებიან გაკვეთილს, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. გარდა ამისა, ამერიკაში, კომპანიების დიდი ნაწილი ისევ ვირტუალურ, ონლიან მუშაობაზე რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა სახლში ვირტუალური სკოლა და ოფისი ერთდროულად უნდა მოაწყონ, რაც დიდი გამოწვევაა ყველასთვის.

მშობლები ამბობენ, რომ ახლა, როდესაც მათაც უწევთ თავიანთ შვილებთან ერთად მათი გაკვეთილების მოსმენა, განსაკუთრებით აფასებენ მასწავლებლებს. ახლა უფრო მეტად ხვდებიან, თუ რამხელა შრომა, მონდომება და ნებისყოფაა მათი მხრიდან საჭირო, რომ სრულყოფილი საგაკვეთილო პროცესი არ ჩაიშალოს.

როდემდე გაგრძელდება სწავლის ასეთი ახლებური ფორმა, ჯერ უცნობია. კორონავირუსის პანდემიის გამო, ამერიკაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზები ჯერ არავის აქვს.

ამერიკის შეერთებული შტატების კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით, მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 28 მილიონზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი კი 900 000-ს აჭარბებს. სხვებთან შედარებით, შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი, 6.4 მილიონი ინფიცირება და 191 000-ზე მეტი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG