ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელ ლტოლვილთა რაოდენობა იზრდება


ლიბანი, თურქეთის და იორდანიის შემდეგ, მესამე ქვეყანა ხდება, სადაც სირიელ ლტოლვილთა რაოდენობა 100 ათასს აღემატება

აღრიცხულ სირიელ დევნილთა რაოდენობა, რომელთაც ქვეყანა დატოვეს, 358 ათასს აღემატება - აცხადებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი. ლიბანში მიმდინარე არეულობის გამო მათი დარეგისტრირება რამდენიმე ცენტრალურ რეგიონში, მათ შორის ტრიპოლიში, აკარში, ბეირუთში, სიდონში და ქვეყნის სამხრეთით, შეფერხებულია. ასე რომ, რეალური რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო დიდი იყოს. ამასთან, აქ საუბარია მხოლოდ უცხოეთში დევნილი სირიელების რაოდენობაზე და არა თვითონ ქვეყნის შიგნით ლტოლვილად ქცეულ მოსახლეობაზე.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სპიკერის, მელისა ფლემინგის თქმით, სააგენტო ამჟამად უსაფრთხოების სიტუაციის შეფასებითაა დაკავებული და იმედოვნებს, რომ ლტოლვილებთან მუშაობა მალე განახლდება. გასულ კვირას ბეირუთში მანქანის აფეთქებამ 8 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, რომელთა შორის ლიბანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანიც იყო. ლიბანელები ტერორისტულ აქტში დამასკოს ადანაშაულებენ, რის გამოც ექსპერტები შიშობენ, რომ სირიის სამოქალაქო ომი შესაძლოა ქვეყნის საზღვრებს გაცდეს და კონფლიქტში მეზობელი სახელმწიფოებიც ჩაითრიოს.

„მოგეხსენებათ, არცერთი ლტოლვილი დევნილთა ბანაკებში არ ცხოვრობს. ისინი ლიბანის სხვადასხვა რეგიონებში არიან გაფანტული და საბაზრო ეკონომიკის რთულ პირობებში გადარჩენას ცდილობენ. ძირითადად, მაღალ ფასებზე ჩივიან. ვცდილობთ, სიტუაციიდან გამომდინარე მაქსიმალურად დავეხმაროთ,“ - აღნიშნავს მელისა ფლემინგი.

თურქეთში დევნილთა მდგომარეობა განსხვავებულია. 100 ათასზე მეტი სირიელი 7 პროვინციის 14 ბანაკშია განსახლებული და მათ კოორდინირებას თურქეთის ხელისუფლება უწევს. ბანაკების გარეთ საშუალოდ 70 ათასი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს. დევნილები მთავრობას მძიმე ტვირთად აწევს, მაგრამ თურქეთის ხელისუფლება მაინც აცხადებს, რომ ის მზად არის კიდევ უფრო მეტი სირიელი მიიღოს.

თურქული ოფიციალური წყაროების მიხედვით, სირიის მხარეს ქილისის და ჰატაის პროვინციების მიმდებარე საზღვრებთან 10 ათასზე მეტი სირიელია თავმოყრილი. თურქეთის მხარე აცხადებს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია მათი შეჯგუფების მიზეზი და უცნობია, ყველას სურს თუ არა საზღვრის გადაკვეთა. გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, 105 ათასი სირიელი ან დარეგისტრირების მოლოდინშია, ან უკვე აღერიცხა იორდანიაში. 42 ათასზე მეტმა კი თავი ერაყს შეაფარა. ჩრდილოეთ აფრიკაში დევნილ სირიელთა რაოდენობა 7 ათასს აღწევს. ეგვიპტე აცხადებს, რომ იქ 150 ათასი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.

მელისა ფლემინგის თქმით, ლტოლვილთა რაოდენობა ძალზე სწრაფად იზრდება და მათთვის დროულად ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა თანდათან უფრო რთულდება. გაეროს მიერ გაკეთებული შეფასების მიხედვით სირიის კრიზისის საპასუხო ფონდს სულ ცოტა 488 მილიონი ესაჭიროება. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებრიობის საპასუხო რეაქცია აგვიანებს და დევნილები იმ ქვეყნის მთავრობის იმედად რჩებიან, სადაც ისინი თავს აფარებენ.

„ამ ქვეყნებს არ უნდა ევალებოდეთ პასუხისმგებლობის მთელი ტვირთის საკუთარ თავზე აღება. მას შემდეგ, რაც სირიის მოვლენების საპასუხოდ ფონდი დავაარსეთ, თვეზე მეტი გავიდა. ჩვენი სუბსიდირება კი საჭირო თანხის მხოლოდ მესამედს შეადგენს. დრო სირიელი ლტოლვილების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ასობით ათასი დევნილი ჩვენგან დაცვას ელის. წინ კი მკაცრი ზამთარი და უამრავი სხვა პრობლემაა,“ - აღნიშნავს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სპიკერი.

სირიის შიგნით, სავარაუდოდ, მილიონნახევარზე მეტი დევნილია. ისინი ბევრად უფრო დაუცველები არიან და ძალადობის დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. მათი დიდი ნაწილისთვის უსაფრთხოების მოსაზრებით ელემენტარული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც ვერ ხერხდება. ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს ახლა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებაში წარმატების მიღწევის იმედი აქვს. თუკი შეთანხმება მოხდა, გაეროს სააგენტო მზად არის ალეპოში და იდლიბში სირიელი ოჯახებისთვის განკუთვნილი 10 ათასამდე კომპლექტი დაუყოვნებლივ შეიტანოს.
XS
SM
MD
LG