სირიის არმია ამბოხებულებზე მასშტაბურ იერიშს აგრძელებს. დღეს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ალეპო კვლავ მძიმე საჰაერო და საარტილერიო შეტევის სამიზნე იყო. წელიწადნახევარი გადის, რაც ქვეყნის უდიდესი ქალაქი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებასთან ბრძოლის ეპიცენტრშია მოქცეული.
ირანი თურქეთს და ყატარს სირიასთან შუამდგომლობას სთხოვს. თეირანი 48 ირანელი მოქალაქის გათავისუფლებას ცდილობს, რომლებიც დამასკოში გაიტაცეს. ტელეარხ „ალ-არაბიას“ ცნობით, ისინი სირიის რევოლუციური არმიის ელიტარულ ნაწილში მსახურობდნენ, თეირანი კი აცხადებს, რომ ირანელები უბრალო მლოცველები იყვნენ.
ოფიციალური ირანი სირიის ამჟამინდელ ხელისუფლებას უჭერს მხარს, მაშინ როცა თურქეთი და ყატარი ოპოზიციას ემხრობიან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი სირიის საკითხების განხილვის მიზნით მომავალ კვირას თურქეთს ესტუმრება.