ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს როლი სირიის კონფლიქტში


ამბოხებულთათვის იარაღის მიცემას უკუფექტი ექნება

სირიაში ამბოხებულებსა და პრეზიდენტის ძალებს შორის ბრძოლები გრძელდება. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა არკვევდა თუ რას აპირებენ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამ ომის შესაჩერებლად.

ამერიკის პოლიტიკა ბაშარ ალ-ასადის მიმართ აშკარაა - ის უნდა წავიდეს. თურქეთში ვიზიტის დროს თეთრი სახლის პოზიცია სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არც თუ ადვილი ამოცანაა. სირიაში უკვე 18 თვეა ბრძოლები მიდის და ჯერ არც ერთი მხარე არ არის გამარჯვებული.

ფავეზ გერგესი ლონდონის ეკონომიური სკოლის ექსპერტია. ის ამბობს, რომ პრეზიდენტი ასადი ბოლომდე იბრძოლებს.

„ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი დიდ ხანს გაგრძელდება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას სჯერა რომ ლიბიის პრეზიდენტის ხვედრს გაიზიარებს. ასადს და მის მხარდამჭერებს, ასევე მოკავშირეებს, კერძოდ, ირანს სჯერათ, რომ ასადს აქვს შანსი კვლავ დაამარცხოს ოპოზიცია, საერთაშორისო სამხედრო ინტერვენციის შეფერხებით, ასადს ხანგრძლივად დარჩენის შანსი აქვს, “ - ამბობს გერგესი.

ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ ასადის დამხობის სხვა გზებიც არსებობს.

„შეგიძლია ჩათვალოთ არგუმენტად, რომ უფრო ჰუმანიტარული იქნება, უფრო მეტი ადამიანი გადარჩება და უფრო ნაკლები ხარჯი იქნება, თუკი ასადს და მის ოჯახს გაქცევის საშუალებას მისცემენ. მაგრამ ვინ შეიძლება მისცეს ასადს უსაფრთხოების გარანტია? თუკი ის ამ გარანტიას არ მიიღებს, ბოლომდე იბრძოლებს,“ - ამბობს ბოლტონი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არავინ ფიქრობს ინტერვენციაზე. თუმცა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამხედრო ძალის გამოყენებით დაიმუქრა, თუკი სირიის მთავრობა ამბოხებულთა წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს აამოქმედებს.
ზოგიერთი ანალიტიკოსი სირიაში არასაფრენი ზონის დაწესებას ითხოვს, რაც ასადს ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს. ამგვარი აქცია დასავლეთმა თავის დროზე ლიბიაში გამოიყენა.

თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამგვარ ზომას გაეროს უშიშროების საბჭოში მხარს არ დაუჭერენ რუსეთი და ჩინეთი. მათ ასადის წინააღმდეგ რამდენიმე მკაცრი რეზოლუციის პროექტი უკვე დაბლოკეს. ანალიტიკოსები ასევე ფიქრობენ, რომ მსუბუქად აღჭურვილ ამბოხებულებს კარგად შეიარაღებული ასადის არმიის წინააღმდეგ უფრო მეტი იარაღი სჭირდებათ. არის ცნობები, რომ მათ იარაღს და ფინანსებს იარაღის შესაძენად საუდის არაბეთი და ყატარი აწვდიან.

თუმცა, ანალიტიკოსი ნადიმ შეჰადი ამბობს, რომ ამბოხებულთათვის იარაღის მიცემას უკუფექტი ექნება, რადგან მათი გამარჯვების შემდეგ ამ შეიარაღებული ჯგუფების განიარაღება უკვე ძალიან რთული იქნება.

შეჰადი თვლის, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარებში გადამწყვეტი როლი შეერთებულმა შტატებმა უნდა შეასრულოს. ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი სირიისთვის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო მოიცლის.
XS
SM
MD
LG