ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნი სირიას ერთობისკენ მოუწოდებს


ბან კი მუნი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დაწყებულ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სესიაზე გამხსნელი სიტყვით გენერალური მდივანი, ბან კი მუნი გამოვიდა. მან სირიის ხელისუფლების და მეამბოხეების ქმედება დაგმო და ორივე მხარეს ძალადობის ნაცვლად დიალოგისკენ მოუწოდა. ბან კი მუნმა, ასევე, მკაცრად გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭო, რომელმაც სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხში შეთანხმებას წელიწადზე მეტია ვერ მიაღწია.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ის ძალზე შეშფოთებულია სირიის ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე საჰაერო თავდასხმებით. მისი თქმით, ქვეყანაში რელიგიური დაპირისპირებები უკიდურესად მწვავდება, მებრძოლ მხარეებს შორის შერიგების სურვილი ჯერჯერობით არ ჩანს და შესაბამისად ჰუმანიტარული კრიზისიც ღრმავდება. ბან კი მუნმა სირიასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს და გაეროს გენერალურ ასამბლეას ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება მოსთხოვა:

ეს ყოველივე ძალიან ართულებს ქვეყანაში მშვიდობის და გარდამავალი პერიოდის დამყარებისკენ მიმართულ ჩვენს მცდელობებს, ყველაფერ იმას, რასაც სირიელი ხალხი იმსახურებს. საბჭოს მოვუწოდებ სირიის საკითხებში სიფხიზლე შეინარჩუნოს და პასუხისმგებლობა გააძლიეროს. ყველა უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ იმის მიუხედავად, თუ რომელ მხარეს იბრძვის, ძალადობა, ომის დანაშაული, ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევა, თუ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული - კანონით დაისჯება,“ - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ბან კი მუნმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიელებს და კონფლიქტზე გავლენის მქონე ქვეყნებს, გაეროს და არაბული ლიგის ირგვლივ გაერთიანდნენ და ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარების და განმტკიცების გეგმას, რომელსაც საგანგებო დესპანი ლახდარ ბრაჰიმი ხელმძღვანელობს. წარმოშობით ალჟირელმა დიპლომატმა ქაიროში მოლაპარაკება ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მორსისთან და არაბული ლიგის სხვა ლიდერებთან გამართა. ის უახლოეს მომავალში დამასკოში გაემგზავრებას და სირიის ხელისუფლებასთან და ამბოხებულთა წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

ბრაჰიმის სპიკერის თქმით, სირიაში გამგზავრების დღე მიმდინარე მოლაპარაკებების და დეტალების დაზუსტების შემდეგ გადაწყდება. ორშაბათს, არაბული ლიგის გენერალურ მდივანთან, ნაბილ ალ-არაბისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან საუბრის შემდეგ საგანგებო დესპანმა განაცხადა, რომ მისი მისია „ძალზე რთულია“, მაგრამ მას „არ აქვს უფლება უარი თქვას სირიელებისთვის ნებისმიერი სახის დახმარების აღმოჩენაზე, რომლის გაწევის უნარიც მას გააჩნია.“ კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრას, ბრაჰიმიმ თქვა, რომ „იმედი აქვს, თუმცა, დარწმუნებული არ არის“ რომ შეხვედრა შედგება.

მისი წინაბორბედი, კოფი ანანი აგვისტოში მას შემდეგ გადადგა, რაც მსოფლიოს ლიდერები სირიაში ძალადობის შეწყვეტის უუნარობის გამო მკაცრად გააკრიტიკა. გაეროს ანგარიშით, 2011 წლის მარტის შემდეგ სირიაში სულ ცოტა 20 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ნავი პილაი, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი, ამბობს, რომ მისი ინფორმაციით სირიის ხელისუფლება კონფლიქტში მძიმე არტილერიას იყენებს და არც მშვიდობიანი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების თვითმფრინავებიდან დაბომბვას ერიდება, რის გამოც მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება და ჰუმანიტარული კრიზისიც თანდათან ღრმავდება.

მაშფოთებს ის, რომ საუბარი შეიძლება ომის დანაშაულზე და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე იყოს. თუმცა, ასევე, ვწუხვარ მთავრობის მოწინააღმდეგე ძალების მხრიდან დაფიქსირებული დარღვევების გამო, რომელთა შორისაა მკვლელობები, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის, წამების ფაქტები და უკანასკნელ ხანს გახშირებული იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება,“ - აღნიშნავს გაეროს უმაღლესი კომისარი.

ჟენევაში მყოფი ნავი პილაი სირიის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი კომისიის ქვეყანაში დაშვებას მოითხოვს, რათა ძალადობის ფაქტების უფრო ზუსტი და დეტალური გამოძიება მოხდეს.
XS
SM
MD
LG