ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისი სირიაში


ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ორივე მხარეს ადანაშაულებს

გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, ნავი პილაი, აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლების და ამბოხებული ოპოზიციის იარაღით უზრუნველყოფა ძალადობის შემდგომ ზრდას უწყობს ხელს და კონფლიქტის მონაწილეთა შეიარაღება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისარმა აღნიშნა, რომ ძალადობის ესკალაციაში ორივე მხარეა დამნაშავე. მან თავიდან სირიის ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირებულ უამრავ დარღვევაზე ისაუბრა:

სამოქალაქო ტერიტორიების განურჩეველი დაბომბვა, აქტივისტების და ოპოზიციის მხარდამჭერთა გამიზნული დახოცვა, დაუსაბუთებელი დაპატიმრებები, წამება, გაუპატიურება, შეტევა საავადმყოფოებზე და კლინიკებზე, სამედიცინო დაწესებულებების სამხედრო მიზნებით გამოყენება“. ..

გაეროს კომისარმა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა აღწერასთან ერთად ოპოზიციის მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებსაც გაუსვა ხაზი:
„ოპოზიციის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შორისაა ეჭვმიტანილი ხელისუფლების ინფორმატორების მოკვლა და იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას და დაშავებას იწვევს. ასევე მოგვეპოვება სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ძალები სულ ცოტა ერთ სამედიცინო დაწესებულებას დაესაკუთრნენ და მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ“.

ნავი პილაის თქმით, მან გაეროს ძლევამოსილ ორგანოს - უშიშროების საბჭოს - კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის საკითხი ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოზე განსახილველად წარადგინოს.
„მიმაჩნია, რომ მტკიცებულებები კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაში ხვდება. სირიის ხელისუფლება ძალადობის აღნიშნულ ფაქტებს შეიარაღებულ ტერორისტებს მიაწერს. ინფორმაციის გადასამოწმებლად მთავრობამ დამოუკიდებელი გამოძიების დანიშნვის უფლება უნდა გასცეს. ნებართვის შემთხვევაში მზად ვარ ჩემი თანამშრომლები ბრალდებათა გამოსაძიებლად გავაგზავნო“ - ამბობს გაეროს კომისარი.

იმის გამო, რომ ძალადობის ესკალაციის ფონზე გაეროს დამკვირვებელთა მისია უკვე 3 კვირაა, რაც ძალზე შეზღუდულად მუშაობს და საერთოდ მისი მომავლიც კი გაურკვეველი ხდება, ნავი პილაი უშიშროების საბჭოს 300 შეუიარაღებელი დამკვირვებლის გაძლიერებას სთხოვს, რათა მათ მონიტორინგი გააგრძელონ და შედეგების გამოქვეყნება შეძლონ.

საფრანგეთის ელჩი ჟერარდ აროდი ამბობს, რომ უშიშროების საბჭო სირიაში დამკვირვებელთა მისიის მომავლის განხილვას გეგმავს, რადგან 20 ივლისს მათ მანდატი ეწურებათ. თუმცა, იმასაც უსვამს ხაზს, რომ აქამდეც ნათელი იყო - დამკვირვებლები ძალადობას ვერ შეაჩერებდნენ. ამას პოლიტიკური პროცესების სჭირდება - აცხადებს ელჩი.
„ამიტომ საკითხი ასე დგას და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ: მისია სრულად გამოვიყვანოთ, თუ მისი მხოლოდ ნაწილი? დამკვირვებლები მთელ რეგიონში უნდა განაწილდნენ, თუ მხოლოდ დამასკოში? რა თქმა უნდა, ყველაფერი შემდეგ დღეებში მოვლენათა განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. თუკი პოლიტიკური პროცესები დაიწყება, ყველაფერი სხვაგვარად შეტრიალდება, დამკირვებლები საჭიროც იქნებიან და აუცილებელიც. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მისიას ან კვალიფიკაცია შევუცვალოთ, ან დავხუროთ“, აღნიშნავს საფრანგეთის ელჩი.
პოლიტიკური გარდაქმნის დაწყების შესაძლებლობა უახლოეს დღეებში ნაკლებად სავარაუდოა. მით უმეტეს, რომ სირიის ოპოზიციამ ჟენევის შეხვედრაზე შემუშავებული სამშვიდობო გეგმა უარყო. მასში გარდამავალი მთავრობის დაკომპლექტების დეტალები გარკვევით არ იყო მითითებული, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ხელისუფლებაში დარჩენის შანსს უტოვებდა. ამბოხებულები ამას დაუშვებლად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG