ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაკვეთილი, რომელიც სირიამ "არაბული გაზაფხულის" მოვლენებიდან გამოიტანა


გაკვეთილი, რომელიც სირიამ "არაბული გაზაფხულის" მოვლენებიდან გამოიტანა
გაკვეთილი, რომელიც სირიამ "არაბული გაზაფხულის" მოვლენებიდან გამოიტანა

რუსეთის და ჩინეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში სირიასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ვეტოს დადებამ კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადაიტანა ამ ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტის შესაძლებლობა.

სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს რეგიონში სხვა მოკავშირეებიც ჰყავს. დამასკოში სირიის ოპოზიციის აქტივისტებმა ირანის, რუსეთის და ჩინეთის სახელმწიფო დროშები დაწვეს.

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით სირიის ხელისუფლებამ შესაბამისი დასკვნები გამოიტანა არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებიდან.

კარნეგის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის დირექტორის პოლ სალემის განცხადებით: “ სირიის რეჟიმი გამოიბრძმედა ამ ხნის განმავლობაში, მან ბევრი რამ ისწავლა ლიბიის მაგალითზე. ისინი დიდი კომბალით არიან შეიარაღებულნი, მაგრამ ტკბილად საუბრობენ. ამავე დროს ეგვიპტეში მომხდარმა რევოლუციამ ისინი დაარწმუნა, რომ ოპოზიციასთან კომპრომისებზე წასვლა არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ერთბაშად ყველაფერი დაკარგო.“

სირიის ხელისუფლებას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სამოქალაქო ომის ისტორიული გაკვეთილებიც კარგად ახსოვს. მეზობელ ლიბანში მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში დაუნდობელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. სირია ლიბანის მსგავსად სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მოზაიკისგან შემდგარი ქვეყანაა. აქ სუნიტებთან, შიიტებთან, დრუზებთან და ქრისტიანებთან ერთად ძალზე ძლიერია ალავიტების სექტის გავლენა, რომელსაც სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადიც მიეკუთვნება.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს სირიის ოპოზიციის ნაწილი აფარებს თავს. როგორც პოლიტიკური მიმომხილველი პოლ სალემი აცხადებს:“ რეჟიმი სირიელ ხალხს სამოქალაქო ომით და ქაოსით ემუქრება ხელისუფლების დამხობის შემთხვევაში.“

აღმოსავლეთით სირიას ძლიერი მოკავშირე ჰყავს ირანის სახით, რომლის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი მკაცრად აკრიტიკებს არაბულ სახელმწიფოებს სირიაზე ზეწოლის გამო. მისი თქმით:“ ყველაზე საოცარი ის არის, რომ არაბი ლიდერები, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში თავისუფლების ნიშანწყალიც კი არ გააჩნიათ, სირიაში დემოკრატიის და თავისუფლების დამცველებად გვევლინებიან.“

საერთაშორისო საზოგადოებას გაუჭირდება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის პოლიტიკური იზოლაცია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი და ჩინეთი არ დაუშვებენ გაეროში დამასკოს წინააღმდეგ რაიმე სანქციების შემოღებას.

ბატონი სალემის განცხადებით თუ ძალადობამ კიდევ უფრო სასტიკი ხასითი არ მიიღო და დასავლეთის მედიამ უფრო მეტი ყურადღება არ დაუთმო ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებაში არსებული უთანხმოების გათვალისწინებით სირიის კონფლიქტის მოგვარება უახლოეს ხანში შეუძლებელი იქნება.

XS
SM
MD
LG