ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი და ლავროვი ვერ თანხმდებიან


ამერიკის სურვილია, რუსეთმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გადადგომის აუცილებლობაში დაარწმუნოს. რუსეთი უარს ამბობს. ამ საკითხებზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატოს შტაბ-ბინაში ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ ჯონ კერიმ მხარეთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შესახებ განმარტება გააკეთა.

რუსეთს და შეერთებულ შტატებს განსხვავებული აზრი აქვთ იმაზე, თუ როდის და როგორ შეიძლება ასადის წასვლა. არა მგონია, აზრთა სხვადასხვაობა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გადადგომა გამოსავლის მოძებნის საქმეში საჭირო და გარდაუვალია“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

თუმცა რუსეთი კვლავ დაბეჯითებით იმეორებს, რომ პოლიტიკური შეთანხმება სირიაში თავად სირიელების, და მათ შორის პრეზიდენტი ასადიც არის, გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს. ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა დასავლეთის ქვეყნები სამშვიდობო ინიციატივათა ჩაშლაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ თუკი სირიის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება გაგრძელდება, ქვეყანა შესაძლოა რადიკალური ისლამისტების ხელში ჩავარდეს. ჩანაწერში ლავროვის თარჯიმნის ხმა ისმის:

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ დავრწმუნდით, თუ რა არის ნამდვილი საფრთხე, თუკი სტატუს კვო შენარჩუნდება და დიალოგის ნებისმიერი მცდელობა საერთაშორისო საზოგადოების უმცირესობის მხრიდან ისევ ჩავარდება“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთის მოკავშირეებს შორის იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სირიის კონფლიქტის დარეგულირების ყველა მცდელობა მარცხით სრულდება. ლავროვმა „საერთაშორისო მოთამაშეებს“ მოუწოდა სირიის დაპირისპირებული მხარეები აიძულონ როგორმე მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ.

ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ის ლავროვს შეუთანხმდა ერთად გააგრძელონ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა და ახალი იდეების წამოყენება.

„მინისტრ ლავროვთან რამდენიმე მიმართულება მიმოვიხილეთ, რომელიც დიპლომატიურ ინიციატივას გაუკაფავს გზას. ამ საკითხებს ისევ დავუბრუნდებით და ამ საშუალებებზე კვლავ ვიმსჯელებთ. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რომელი მათგანია უფრო რეალური და განხორციელებადი“ - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ გზებს და საშუალებებს შორის სამხედრო ინტერვენცია არ განიხილება. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, სირიის ომმა შესაძლოა არამარტო მთელ რეგიონს შეუქმნას უსაფრთხოების პრობლემები, არამედ კიდევ უფრო ფართო ტერიტორიები მოიცვას. ამის მიუხედავად, არავინ, არცერთი მხარე ნატოს კრიზისის დარეგულირებაში უფრო აქტიური როლის შესრულებისკენ არ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG