გაეროს წარმომადგენლები სირიაში ჩავიდნენ, რათა ძალადობის შეწყვეტის პროცესზე მოახდინონ დაკვირვება.
სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადების თანახმად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ დადებული პირობის მიუხედავად სამთავრობო ძალები აგრძელებენ აქტიურ საომარ მოქმედებებს.
როგორც ცნობილია პრეზიდენტი ასადი დათანხმდა გაეროს ელჩის კოფი ანანის გეგმას, რომელიც 10 აპრილიდან სირიაში ძალადობის შეწყვეტას ითვალისწინებს. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ მოხერხდება ამ გეგმის შესრულება.
არაბული რევოლუცია სირიაში 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც აღშფოთებული მოსახლეობა სტუდენტების წამების ფაქტის გამო ქუჩაში გამოვიდა. მთავრობამ ხალხის პროტესტს დაუნდობელი რეპრესიებით უპასუხა.
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და მისი კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო ძალები ძალაუფლების დათმობას არ აპირებენ, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ასადის რეჟიმის დღეები დათვლილია.
როგორც ამერიკის ხმასთან საუბარში თავად სირიის მოქალაქეები აცხადებენ, ასადს გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება, რადგან მოსახლეობის 80% მისი წინააღმდეგია. გარდა ამისა მან ფაქტიურად დაკარგა კონტროლი ქვეყნის ზოგიერთ რაიონზე. საერთაშორისო ექსპერტების თვალსაზრისით რეჟიმის დამხობას შესაძლოა დიდი დრო დაჭირდეს, მაგრამ ეს გარდაუვალია.
ბაშარ ასადი და მისი ელიტა ალავიტური სექტის წევრები არიან, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ ძირითადად სუნიტებით დასახლებულ ქვეყნაში. მუსლიმების უმრავლესობა ალავიტებს არ მიაკუთვნებს ისლამის მიმდევრებს. ამის გამო სირიის მტავრობას არაბულ სამყაროში ბევრი მეგობარი არ ჰყავს.
გასულ კვირას სტამბოლში გამართულ სირიის ოპოზიციის შეხვედრაზე არაბულმა ქვეყნებმა 100 მილიონი დოლარი გამოყვეს მათ დასახმარებლად, ობამას ადმინისტრაციამ კი სირიის ოპოზიციის საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვა იკისრა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ასადი უნდა წავიდეს და სირიელი ხალხი გათავისუფლდეს ტირანიისგან.
როგორც ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი დანიელ სერვერი აცხადებს, კოფი ანანის გეგმა სწორი მიმართულებით მიდის. შეერთებულ შტატებს და საერთაშორისო საზოგადოებას არ აწყობს სირიაში ძალადობის ესკალაცია.
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, მაშინ როდესაც სირიის ძველი მოკავშირე ირანი ბოლომდე უერთგულებს დამასკოს, რუსეთმა შესაძლოა ბაშარ ასადი გაყიდოს. მოსკოვი სირიაში იარაღის ვაჭრობით და სამხედრო-საზღვაო ბაზის არსებობით არის დაინტერესებული. ის დიქტატორი კი, რომელსაც საკუთარი ხალხი აუჯანყდა, ამ საქმეების წარმატებისთვის ვერ იქნება საიმედო პარტნიორი.
საერთაშორისო ექსპერტების აზრით, სირიის ოპოზიცია უფრო მეტ საერთაშორისო მხარდაჭერას მოიპოვებს, მას შემდეგ რაც მსოფლიო თანამეგობრობა მისგან უმცირესობათა უფლებების დაცვის გარანტიებს მიიღებს.