ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის პრობლემა რუსეთის გამო გადაუჭრელი რჩება


სირიის პრობლემა რუსეთის გამო გადაუჭრელი რჩება
სირიის პრობლემა რუსეთის გამო გადაუჭრელი რჩება

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სირიის ხელისუფლების მიერ ძალადობის გამოყენების ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ შეგროვებული აქვთ. დაჭრილი პატიმრებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმა, მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის ცეცხლის გახსნა და მსგავს დანაშაულებათა მტკიცებულება უკვე არსებობს.

რამდენიმეკვირიანი საარტილერიო ცეცხლის შემდეგაც სირიის ქალაქ ჰომსში სისხლიან ძალადობას ბოლო არ უჩანს. მსხვერპლის და დაშავებულების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა აგოს პასუხი. სანჯევ ბერი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიას“ წარმოადგენს:

„ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ თვლის, რომ ასადის და სირიის მთავრობის ქმედებები კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციაში ხვდება. თუმცა, ეს ბრალდება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ოფიციალურად უნდა წარადგინოს და შესაბამისი გამოძიებაც აწარმოოს“ - ამბობს ის.

საერთაშორისო სასამართლო ჯერჯერობით უძლურია. პროცედურულად საქმის აღძვრისთვის მას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ოფიციალური რეკომენდაცია სჭირდება. ყველაფერი ისევ რუსეთის და ჩინეთის მიერ გამოყენებულ ვეტოს უფლებამდე მიდის, რომელიც პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ხელს ძველებურად უშლის.

რანდა სლიმი ქალაქ ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელია:

მხედველობაში კიდევ ერთი ფაქტორი უნდა მივიღოთ. საჭიროა თუ არა საქმეში საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ჩართვა? გასაგებია, რომ ამის სურვილი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად რა შეიცვლება ამ მოთხოვნით? ყველაფერი ისევ რუსეთზე იქნება დამოკიდებული“ - აცხადებს ის.

ექსპერტები წარმატებულ მაგალითად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებენ. თუმცა, რანდა სლიმს მიაჩნია, რომ ლიბიის და სირიის სიტუაცია ერთნაირი არ არის. კადაფი იზოლირებული იყო და მას მოკავშირეები არ ჰყავდა.

„მისი მეგობრების და მოკავშირეების სია ცარიელი იყო. ამიტომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდა და გადაწყვეტილებაც ერთხმად იქნა მიღებული. სირიის მდგომარეობა კი სრულიად განსხვავებულია. მას ისეთი ძლიერი და დიდი ხნის მოკავშირე ჰყავს, როგორიც რუსეთია, და რომელიც მას ბოლომდე გვერდში დაუდგება“ - აღნიშნავს ექსპერტი.

ოფიციალური მოსკოვის მიერ გაკეთებული უკანასკნელი განცხადებებიც იგივეს ადასტურებს. რუსეთის აზრით პრეზიდენტ ასადის შემდგომი იზოლირება კრიზისის დარეგულირების შესაძლებლობას კიდევ უფრო არარეალურს გახდის.

ქალბატონი სლიმის აზრით საერთაშორისო საზოგადოებაში ამ მოსაზრების მიმართ სუსტი, მაგრამ მაინც რეალური მხარდაჭერა შეინიშნება.

„დამკვირვებლებს, ანალიტიკოსებს და შეერთებული შტატების ზოგიერთ ოფიციალურ პირს შორის სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაჩნდა აზრი, რომ ასადის და მისი გარემოცვის იზოლირება ქვეყნის ლიდერის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის შანსს მნიშვნელოვნად შეამცირებს“ - აცხადებს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელი.

თუმცა, იმასაც დასძენს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, რაც სირიის მოქალაქეებისთვის იმას ნიშნავს, რომ ისინი ძველებურად დაუცველნი არიან და ქვეყანაში მსხვერპლის რაოდენობა ისევ გაიზრდება.

XS
SM
MD
LG