ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შედგება თუ არა დროებითი ზავი სირიაში?


საერთაშორისო მედიატორი და სირიის ოფიციალური პირები განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ

გაეროს საგანგებო დესპანი სირიის საკითხებში, ლახდარ ბრაჰიმი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება დროებით დაზავებაზე თანახმაა. განცხადების გაკეთებისას ნათელი იყო, რომ ის სიტყვებს საკმაოდ ფრთხილად არჩევდა და თან აშკარად ცდილობდა გამოუვალ სიტუაციაში ოპტიმიზმი შეენარჩუნებინა. აუდიტორიაში, რომელშიც მედიატორი სირიის ხელისუფლების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიცემულ პირობაზე საუბრობდა, მსოფლიოს ბევრი ყოფილი ლიდერი და დიპლომატი იჯდა. მათ შორის იყო შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი.

ლახდარ ბრაჰიმის თქმით, სირიის მთავრობა თანახმაა მუსლიმთა ოთხდღიანი დღესასწაულის განმავლობაში საომარი მოქმედებები შეაჩეროს. საერთაშორისო მედიატორი იმასაც ამბობს, რომ ის ამბოხებულთა რამდენიმე ლიდერსაც დაუკავშირდა, რომლებიც დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე ასევე თანახმა არიან. ყოფილი ალჟირელი დიპლომატი და მოლაპარაკებათა ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ამბობს, რომ მთავარია საქმე მცირე ნაბიჯებით და პატარ-პატარა მიღწევებით ადგილიდან დაიძრას. ეს ნდობის საფუძველს შექმნის და შემდეგ უკვე უფრო მნიშვნელოვანი მოლაპარაკებაც შედგება. მოგვიანებით ლახდარ ბრაჰიმი ინტერნეტის საშუალებით გაეროს უშიშროების საბჭოს ესაუბრა და მათ მოლაპარაკების შესახებ მოუთხრო. სირიაში ვიზიტამდე გაეროს დესპანი ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას ეწვია და მათ ლიდერებსაც შეხვდა. მიზანი ისევ და ისევ სირიის ხელისუფლებაზე ზემოქმედება იყო, რათა მას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე თანხმობისთვის მიეღწია.

პარალელურად, იმავე დღეს, სირიის მთავრობის არხმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით სიტუაცია მალე გაირკვევა, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. განცხადება ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. სირიის მთავრობამ რამდენიმე დღით ადრე ანალოგიური გადაწყვეტილება პატიმრების გათავისუფლების შესახებაც მიიღო. ოღონდ დააკონკრეტა, რომ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით გათავისუფლდებოდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ტერორიზმში არ იყო მხილებული.

ამბოხებულთა მხარემ, კერძოდ კი თავისუფალი სირიის არმიის მეთაურმა, მალეკ კურდიმ არაბულ სატელიტურ არხებს მისცა ინტერვიუ. მან განაცხადა, რომ თუკი ხელისუფლება დაპირებისამებრ პატიმრებს გაათავისუფლებს და საომარ მოქმედებებს შეაჩერებს, ისიც თანახმაა ცეცხლი შეწყვიტოს. სირიის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰეითემ მალემ აღნიშნა, რომ ამჟამად მთავრობა თავდაცვით პოზიციაშია, ამბოხებულები კი უტევენ. ამიტომ ისიც მნიშვნელოვანია, რომ სირიის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტისთვის განკუთვნილი დრო პოზიციების გასაძლიერებლად არ გამოიყენოს.

ანალიტიკოსი პიტერ ჰარლინგი კრიზისების საერთაშორისო ჯგუფიდან აღნიშნულ მოლაპარაკებებს პესიმისტურად უყურებს და ამბობს, რომ მსგავსი შეთანხმება არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ყველა კრახით დასრულდა.

კრიზისის კონტექსტიდან გამომდინარე, ყველანაირი მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე შედგა. არცერთმა კონცეფციამ არ იმუშავა. ფაქტია, რომ ამჟამად სირიაში ისევ კონფლიქტია, რომლის ესკალაცია გრძელდება. ორივე მხარე აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ სამხედრო ძალით გაიმარჯვებს, ოღონდ ამას დრო დასჭირდება“ - ამბობს ის. ჰარლინგის აზრით, „კონფლიქტის განვითარების დინამიკაში მნიშვნელოვანი გარდატეხა თუ არ მოხდა“, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იმუშავებს. ამას გარდა, მისი თქმით, კიდევ უამრავი წინაღობა და დეტალია, რომელიც მუშაობის პროცესში გამოჩნდება.

გაეროს ყოფილი სპიკერი, ტიმორ გოკსელი, რომელიც ახლა ბეირუთის ამერიკის უნივერსიტეტში ასწავლის, კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც მოლაპარაკების პროცესში იკვეთება. კერძოდ, საუბარია შეთანხმებაზე, რომლის მონაწილეები შესაძლოა არ იყვნენ ერთპიროვნული ლიდერები და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები.

ქუჩაში გამვლელს რომ ჰკითხო, ამას რა სჯობს? ფანტასტიურია, რომ მათი ცხოვრება მოწესრიგდება და ძველ რიტმს დაუბრუნდება. თუნდაც 3-4 დღით. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული იმ მხარეებთან დაკავშირებით, რომლებიც მოლაპარაკებაში მონაწილეობენ. არ ვიცი, ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მათ მაგიერ. მართლა, ძალიან ძნელია ამის დაბეჯითებით მტკიცება“ - აღნიშნავს პროფესორი გოკსელი.

მისი აზრით, არ უნდა დაგვავიწდეს, რომ საქმე გვაქვს სირიის ხელისუფლების დეცენტრალიზებულ სტრუქტურასთან და ამბოხებულთა დიდ ჯგუფებთან.

მუსლიმთა დღესასწაული, რომელზეც აღნიშნულ მოლაპარაკებებზეა საუბარი, დღეს იწყება. ასე რომ, სულ რამდენიმე საათში გაირკვევა, თუ რამდენად წარმატებული იყო გაეროს საგანგებო დესპანის მისია სირიაში.
XS
SM
MD
LG